პროკურორი: კადრებში მკაფიოდ ჩანს სამ პოლიციელზე თავდასხმა, ვითხოვთ პატიმრობას

პუბლიკა

პროკურორი, ანი ხუბეჯაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე მათე დევიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ მათ მიერ დღეს გასაჯაროებულ კადრებში „მკაფიოდ ჩანს“ მათე დევიძის მიერ „სამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი“.

„პოლიციელზე თავდასხმა არის მძიმე დანაშაული, დღეს ბრალდების მხარემ გაასაჯაროვა მტკიცებულებების ნაწილი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ბრალდებულის მიერ სამ პოლიციელზე თავდასხმის ფაქტი. კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარე მოითხოვს პატიმრობის გამოყენებას, მოსალოდნელი საფრთხეების გათვალისწინებით, მოგეხსენებათ, რომ ქმედება იყო აგრესიული და ძალადობრივი და შესაბამისად, ბრალდების მხარის მოთხოვნა ამ შემთხვევაში არის ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენება.

საქმეში გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, გამოთხოვილია ტელევიზიიდან, ასევე, საჯაროდ გავრცელებული კადრებია ასახული სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებების სახით და ამ ჩანაწერებში ნათლად ჩანს ბრალდებულის თავდასხმის მომენტი, კონკრეტულად კი, ის კადრები, როცა ის ჯოხის გამოყენებით თავს ესხმის პოლიციის თანამშრომლებს და აყენებს დაზიანებებს.

ვითარება არის მელიქიშვილის გამზირზე, საპროტესტო აქციის მიმდინარეობა, როდესაც პოლიციის თანამშრომლები, ამ შემთხვევაში სამართალდამცავები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ დაიცვას წესრიგი და მათე დევიძე, რომელიც იმყოფება მათგან მოშორებით, მოულოდნელად თავს ესხმის მათ ჯოხის გამოყენებით. ეს ჩანაწერებში ჩანს ნათლად და მკაფიოდ, წარმოდგენილია მითითებულ სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების სახით და რა თქმა უნდა, გარდა აღნიშნულია, საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები და ასევე, საქმეში არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურებულია, რომ ჩანაწერში ასახული პიროვნება ნამდვილად არის მათე დევიძე.

მათე დევიძეს არ აკავებდნენ სამართალდამცავები, როდესაც ის თავს დაესხა მათ, იყო მათგან მოშორებით, საერთოდ არ იყვნენ ამ შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორები შემხებლობაში მათე დევიძესთან, როდესაც ის მოულოდნელად გამოჩნდა და ჯოხის გამოყენებით დაესხა მათ თავს, შესაბამისად, ამ მომენტში არ ხორციელდებოდა მის მიმართ რაიმე საპროცესო-საგამოძიებო მოქმედებები.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, რაც სისხლის სამართლის საქმეში მოგვეპოვება, ის ადასტურებს იმას, რომ თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს. ის, რომ იყო თავდაცვით მდგომარეობაში, ასეთი რამ არ გაჟღერებულა.

სამართალდამცავებს აქვთ დაზიანებები, რომელსაც არ გამოუწვევია მათი ჯანმრთელობის მოშლა, თუმცა საქმეში არის შესაბამისი სამედიცინო ბარათები, რომლებშიც ასახულია, რომ დარტყმის შესაბამისად, თუ სადაც მოხვდათ პოლიციის თანამშრომელს შესაბამისი ჯოხი, აქვთ დაზიანება. საქმეში არიან მოწმეები დაკითხული, დაზარალებულები, ფაქტის თვითმხილველი პირები, მათ შორის სამართალდამცავები, არის ვიდეოჩანაწერის, ექსპერტიზის დასკვნები და ასევე საქმეზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა”, – განაცხადა პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა.

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით, 21 წლის მათე დევიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 19 ნოემბერს დააკავა – დღეს, 22 ნოემბერს მას პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა. უწყება ამტკიცებს, რომ ბრალდებულმა „სამ პოლიციელს ხის ჯოხით სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენა“. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.