პროკურორი: მურთაზ ზოდელავამ, ფაქტობრივად, აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა

პუბლიკა

„მურთაზ ზოდელავამ, ფაქტობრივად, აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა“, – ასე შეაფასა 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე პროკურორმა თამარ ბეჟუაშვილმა ერთ-ერთი ბრალდებულის, მურთაზ ზოდელავას განცხადება.

მურთაზ ზოდელავამ დღეს, 8 იანვარს, პროცესზე განაცხადა, რომ ერთადერთი, რაზე მსჯელობაც ობიექტურად შეიძლება, არის ის, რომ გამოიწვია თუ არა მისმა განცხადებამ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა – ეს არის ერთ-ერთი მუხლი 19-222-ე, რომელიც ბრალად ედებათ ამ საქმეზე დაკავებულთა ნაწილს.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მურთაზ ზოდელავამ, ფაქტობრივად, აღიარა სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა. თქვა, რომ ობიექტური იქნებოდა ამ საკითხზე მსჯელობაო და სრულიად ობიექტური არის ამაზე სამართლებრივი პოლემიკის წარმოებაო“, – განაცხადა თამარ ბეჟუაშვილმა.

რაც შეეხება საქმეზე სხვა ბრალდებულებს, შეკითხვაზე, რამეს გეგმავს თუ არა პროკურატურა მათთან დაკავშირებით, პროკურორი ამბობს, რომ თითოეულთან მიმართებით ინდივიდუალურად შეფასდება, რა მიდგომა ექნება უწყებას. მისი განმარტებით, თუ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ადვოკატებს შეუძლიათ, შესაბამისი სამართლებრივი ფორმა გამოიყენონ.

„თქვენ ხედავთ ზოგადად ბრალდების მხარის მიდგომებს, პირები, ვინც აღიარებენ, ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს და შემდგომში უდავოდ ხდიან მტკიცებულებებს, მათზე გარკვეული სამართლებრივი შეღავათები ვრცელდება.

ამ შემთხვევაში, ყველა ბრალდებულის მიმართ ინდივიდუალურად მოხდება კონკრეტული საკითხის შეფასება.

თუ ბრალდებული აღიარებს, ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მათმა ადვოკატებმა სამართლებრივი ფორმა ძალიან კარგად იციან, როგორ შეიძლება ბრალდების მხარეს მიმართონ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით. კანონმდებლობითაა გათვალისწინებული მოთხოვნები“, – განაცხადა პროკურორმა.


მურთაზ ზოდელავამ დღეს პროცესზე განაცხადა, რომ ერთადერთი, რაზე მსჯელობაც ობიექტურად შეიძლება, არის ის, რომ გამოიწვია თუ არა მისმა განცხადებამ სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების ან ბლოკირების მცდელობა – ეს არის ერთ-ერთი მუხლი 19-222-ე, რომელიც ბრალად ედებათ ამ საქმეზე დაკავებულთა ნაწილს.

„ძალიან საკვანძო და მნიშვნელოვანია ის ეპიზოდი, სადაც მე მოვუწოდებ ადამიანებს ათონელის მოედნისკენ გადანაცვლებისკენ და აქ ჩემი გამოუცდელობით, მე პირველად ვიყავი აქციაზე მიკროფონთან, შესაძლოა, ჩემი მოწოდების ფორმა… ჩემი გამოუცდელობით იმგვარად იქნა მოწოდება ჩემი, რომ მართლა შეიძლება ობიექტურად მიმდინარეობდეს მხოლოდ ამ საქმეზე მსჯელობა ბლოკირება თუ რაც არის ეს მუხლი [19-222], მართლა შეიძლება, გამოიწვია თუ არა ამ ადამიანის უნებლიე ვორდინგმა, ამაზე მსჯელობა მართლა ობიექტურად შეიძლება ერთადერთ მუხლზე, 19-222-ე მუხლზე. ამაზე უნდა ვდაობდეთ, ჩემმა მოწოდებამ ახალი ლოკაციის ათვისებისა გამოიწვია თუ არა [ბლოკირება]… ჩემმა არასწორმა, გამოუცდელი ადამიანის განცხადებამ გამოიწვია თუ არა 19-222“, – განაცხადა ზოდელავამ.

პროცესის დასრულების შემდეგ საკითხზე განმარტება გააკეთა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ:

„ამ ნაწილში მკაფიოდ უნდა გაესვას ხაზი, რომ ეს დაშვება არ ვრცელდება არცერთ იმ ადამიანზე, ვინც ახლა ათეულობით ჰყავთ დაჭერილი, ეს დაშვება შეიძლება მაქსიმუმ გავრცელდეს იმ ხალხზე, ვინც ბრალდებამ წარმოადგინა როგორც ორგანიზატორი…

რაც შეეხება სამართლებრივ მსჯელობას, როგორც ადვოკატი თუ როგორ შევაფასებდი ამას – ჩვენ პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ 225-ე მუხლი არ არსებობს – (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება), არავითარი 317-ე მუხლი (მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) არ არსებობს, რაც შეეხება 19-222-ე მუხლს, მე მიმაჩნია, რომ არც ეს არ არსებობს, ვინაიდან არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს, მაგრამ იმ დაშვების პირობებში, თუ ვინმე ჩათვლის, რომ ყაველაშვილი არის ლეგიტიმური პრეზიდენტი, ამ დაშვების პირობებში შესაძლოა ამაზე გაიმართოს მსჯელობა, შესაძლოა“, – განაცხადა ბასილაიამ.