პროკურორის არჩევის წესი | პარლამენტში კონსტიტუციურ პროექტზე კამათობენ

პუბლიკა

საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტს განიხილავენ.

საკონსტიტუციო პროექტმა შარლ მიშელის შეთანხმების სახლით ცნობილი დოკუმენტით გათვალისწინებული ცვლილებები უნდა ასახოს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილების მიღების შემდეგ საარჩევნო ბარიერი შემცირდება 2%-მდე; 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება 4 წევრით;

კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს გენერალური პროკურორის არჩევას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/5-ით (90 დეპუტატი), თუმცა დეპუტატები ახლა მსჯელობენ, უნდა დარჩეს თუ არა ეს საკითხი კონსტიტუციურ პროექტში.

მოქმედი კანონმდებლობით, გენერალურ პროკურორს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით ირჩევს.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვდა ინიციატივით, რომ კანონპროექტს ამ პუნქტის გარეშე უყარონ კენჭი. მისი განმარტებით, პროკურორის არჩევის ამგვარი წესი სამართლებრივად გაუმართლებელია.

მომხსენებელს დეპუტატებმა შეკითხვებით მიმართეს, მათ შორის საერთაშორისო გამოცდილების შესახებ და ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები დაინტერესდნენ, მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერის დროს იცოდა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“, რომ სამართლებრივად გაუმართავ პუნქტს აწერდნენ ხელს. კობახიძეს საუბარი მოუწია შეთანხმების შესრულება-არშესრულებაზეც.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია ყოველთვის ასრულებდა პოლიტიკურ შეთანხმებებს, 19 აპრილის შემთხვევაში კი „საქმე სხვაგვარად იყო“. კობახიძე ამბობს, რომ ბარიერგადალახული პარტიების ნაწილი არ შეუერთდა დოკუმენტს, რის შემდეგაც „ოცნებამ“ ანულირებულად გამოაცხადა დოკუმენტი.

„დღეს არ არსებობს არავითარი პოლიტიკური შეთანხმება. 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული. ცვლილებები, რომლებიც დღეს თქვენს წინაშეა წარმოდგენილი, ხორციელდება ჩვენი კეთილი ნებით, ეს არის ის, რაც უნდა გახსოვდეთ I, II და III მოსმენის დროს“, – განაცხადა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ მიაჩნია გენერალური პროკურორის არჩევის წესი მიზანშეუწონლად.

„სრული სამართლებრივი სიმახინჯეა, რაც არის ასახული კონსტიტუციურ კანონპროექტში“, – თქვა მან.

კობახიძის განმარტებით, „სამართლებრივი სიმახინჯე“ შეთანხმების დოკუმენტში იმიტომ ჩაიდო, რომ მიდიოდა მწვავე პოლემიკა, „ვიღაცებს ჰქონდათ ჭარბად ხისტი პოზიცია“ და პოლიტიკურმა პროცესმა განაპირობა, რომ „ოცნება“ დაეთანხმა ამ პირობას. კობახიძის თქმით, ამიტომ ჩაიწერა ეს პუნქტი გარდამავალ დებულებაში.

„ახლა, როდესაც შეთანხმება ანულირებულია, არ არსებობს არც პოლიტიკური, არც მორალური, არავითარი ვალდებულება, რომ ეს სამართლებრივი სიმახინჯე ჩაიწეროს მთავარ სამართლებრივ დოკუმენტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეფასებით, 19 აპრილის შეთანხმების მთავარი დადებითი მხარე ის იყო, რომ ქვეყანა დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოს.

მისი არგუმენტებით, კანონპროექტში არის წარდგენილი კვალიფიციური უმრავლესობის წესი, ანუ 3/5-ით აირჩევა პირველ ეტაპზე გენპროკურორი, თუმცა თუ ვერ იკრიბება 3/5-ის უმრავლესობა კონკრეტული კანდიდატის გარშემო, ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობას მაინც აქვს შესაძლებლობა, რომ 76 ხმით აირჩიოს გენერალური პროკურორი.

„პირველი კენჭისყრიდან 2 თვეში შეუძლია უმრავლესობას 76 ხმით გენერალური პროკურორის არჩევა და არსებითად მოცემულობა არ იცვლება. 76 ხმით არჩეული პროკურორი არის თანამდებობაზე განწესებული 1 წლის ვადით, ვიღებთ შედეგად პრობლემას, ეს რეგულაცია არსებითად უპირისპირდება ინსტიტუტის დამოუკიდებლობის პრინციპს.

თუ ინტერესია, რომ ოპოზიცია გაძლიერდეს, ნულოვანი გაძლიერება. თუ ინტერესია, რომ ინსტიტუტი დამოუკიდებლობის კუთხით გამყარდეს და პოლიტიკური ზეწოლისგან იყოს თავისუფალი, არათუ ნულოვანი პროგრესი გვაქვს, პირიქით, რეგრესი გვაქვს ამ კუთხით. ამის საპირისპიროდ არ არსებობს არგუმენტები“, – განმარტა მან.

ირაკლი კობახიძემ  თქვა, რომ ვენეციის კომისია, რომელმაც კვალიფიციური უმრავლესობით არჩევის რეკომენდაცია გასცა, შეცდა.

„ვენეციის კომისიაც არის ინსტიტუცია და მასაც აქვს თავისი სამართლებრივი ცოდვები და ესეც იყო ერთ-ერთი არაკორექტული რეკომენდაცია, რომელიც თავის დროზე წარმოგვიდგინეს. ასეთი სხვებიც იყო წლების განმავლობაში, სადაც ექპერტები ცდებიან ხოლმე და ექსპერტები ამ შემთხვევაში შეცდნენ“, – განაცხადა მან.

მისი თქმით, პარლამენტის მკვლევრებმა მოიძიეს, თუ არსებობს რომელიმე ქვეყნის კანონი, რომლის მიხედვით გენპროკურორი ან სხვა თანამდებობის პირი აირჩეოდა კვალიფიციური უმრავლესობით. კობახიძის მტკიცებით, სამართლებრივ და პოლიტიკურ ლოგიკას აცდენილია არჩევის ამგვარი წესი და ამ წესით ევროკავშირის წევრ არც ერთ ქვეყანაში არ ირჩევენ თანამდებობის პირებს.

„ისეთი სისულელე ეწერა 19 აპრილის შეთანხმებაში და ისეთი სისულელე ჩავწერეთ კანონპროექტში, ამაზე საუბარიც არ შეიძლება“, – განაცხადა „ოცნების“ თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნებისმიერ დემოკრატიაში სტანდარტული განზომილება უმრავლესობის მმართველობა და არა კონსესუსი. კობახიძისვე განცხადებით, ამ კანონპროექტის პუნქტებთან დაკავშირებით კონსესუსი მიღწეულია ყველაზე, გარდა გენპროკურორისა.

„შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი სახელმძღვანელო დემოკრატიაში, კონსტიტუციურ სამართალში და პირველივე გვერდზე ამოიკითხავთ, რომ თურმე დემოკრატია უმრავლესობის მმართველობაა, გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით და არა კონსესუსით, დაწყებული ათენის დემოკრატიით, გაგრძელებული თანამედროვე დემოკრატიებით, ასე იმართებოდა სახელმწიფოები თუ ინსტიტუტები. ვერც ერთი დემოკრატია ვერ ფუნქციონირებს კონსესუსის ფორმით, თუმცა ეს არ ათავისუფლებს სუბიექტებს, ეძებონ კონსესუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერს, „მოქალაქეების“ წევრ ლევან იოსელიანს მიაჩნია, რომ გენპროკურორის არჩევის წესის პროექტში გაწერილი მოდელით „მივიღებთ 1 წლით მორჩილ გენერალურ პროკურორს, რომელიც შეეცდება დაუმტკიცოს მმართველ პარტიას თავისი ერთგულება და კიდევ უფრო მძიმე შედეგებს გადადგამს, ვიდრე გადადგამდა არსებული“. მისი შეფასებით, ეს ჩანაწერი ოპოზიციისთვის მეტად დამაზიანებელი იქნება.

„ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი, რომლის საგარეო კურსი არ არის დასავლეთისკენ“ – ასე შეაფასა თინა ბოკუჩავამ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი კობახიძის არგუმენტები შეთანხმებიდან გასვლის შესახებ.

„როდესაც თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობის ნიველირებას ახდენთ, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი; როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მნიშვნელოვანი არ არის, როდესაც ქვეყნის მთავარი ბრალმდებელი ივანიშვილის პირადი ადვოკატი კი არ იყოს, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის შეთანხმებული პიროვნება იყოს, რომელსაც ექნება საზოგადოებრივი ნდობა, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი. როდესაც თქვენ ამართლებთ თქვენი მხრიდან ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ შემდგარ დოკუმენტზე გასვლის მცდელობას, თქვენ გამოიყურებით როგორც ავტოკრატიული რეჟიმის მარიონეტი, რომლის საგარეო კურსი არ არის ევროპისკენ, NATO-სკენ, დასავლეთისკენ, არამედ არის რუსეთისკენ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე არ იზიარებს „ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონპროექტში „სამართლებრივი სიმახინჯეა“ ჩადებული. პარტია ამ პუნქტის პროექტიდან ამოღებას არ ეთანხმება. მისი თქმით, უმაღლესი დონის იურისტებით დაკომპლექტებულმა „ვენეციის კომისიამ“ ორჯერ მიგვითითა, რომ გენპროკურორი არჩეულ იქნას კვალიფიციური უმრავლესობით (3/5 ანუ 90 ხმა) და ამის უგულებელყოფა შეურაცხყოფაა ამ ორგანიზაციისა და მოლაპარაკების მოდერატორების.

„ეს შემოთავაზება არის არა „სამართლებრივი სიმახინჯე“ არამედ არის სწორედ იმისათვის, რომ ჩვენ არ გვყვავდეს პოლიტიზირებული პოკურატურა. სწორედ ეს წერია დასკვნაში, რომ მარტივი უმრავლესობით არჩევის შემთხვევაში ინსტიტუტს აქვს პოლიტიზირების რისკი და ჩვენ გვაქვს დღეს პოლიტიზირებული პროკურტურა და კვალიფიციური უმრვლესობა იძლევა საშუალებას, სწორედ, რომ ეს რისკი შემცირდეს“, – ამბობს ჯაფარიძე.

კვალიფიცური უმრავლესობით პროკურორის ვერარჩევის შემთხვევაში, დროებით მისი დანიშვნა, ჯაფარიძის თქმით, კონსულტაციების და მსჯელობის გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.

„ერთი წლით დანიშვნა გენპროკურორის სწორედ იმიტომ ხდება, რომ ამ პერიოდში მოხდეს კიდევ უფრო მეტი კონსულტაცია და გაგრძელდეს მმართველ პარტიასა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებს შორის კონსულტაციები, მსჯელობა იმისათვის, რომ მივიდეთ შეთანხმებულ კანდიდატამდე იმიტომ, რომ გენპროკურორი მარტო მმართველი პარტიის მხარდამჭერით კი არ უნდა სარგებლობდეს, ის უნდა სარგებლობდეს საზოგადოების, სახალხო მხარდაჭერით. ასეთ გრნპროკურორს ექნება ნდობის მაღალი ხარისხი“, – აცხადებს ჯაფარიძე.

ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების“ ჯგუფის წევრის, გიორგი ვაშაძის პოზიციით, პროკურატურას ქვეყანაში ნულოვანი ნდობა აქვს და ამ ჩანაწერის შეთანხმებაში ჩადების მიზანი ნდობის აღდგენა და პოლიტიკური წნეხისგან პროკურატურის გათავისუფლება იყო. მისი თქმით „ოცნებას“ ეს სურვილი არ აქვს.


საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტით, ცვლილება შედის საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში და მის მე-2 მუხლს ემატება მე-11 და მე-13 პუნქტები, რომლებითაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მცირდება 2%-მდე, დგინდება, რომ 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა არ უნდა იყოს ოთხზე ნაკლები და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს აირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით.

თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის უმრავლესობით. მეორე და მესამე კენჭისყრა ტარდება შესაბამისი წინა კენჭისყრიდან არაუადრეს 28-ე დღისა და კენჭი ეყრება ერთსა და იმავე კანდიდატს. მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადაა ერთი წელი.