სუსის ყოფილი ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი ბიჭიკო პაიკიძე, რომელზეც ძებნა იყო გამოცხადებული ესპანეთში დააკავეს, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„ბიჭიკო პაიკიძე იყო ძებნილი. მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა, მათ შორის ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 9 დეკემბერს მოხდა მისი დაკავება ესპანეთში, ბარსელონაში. ახლა საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია. ახლა მთავარია, რომ მისი ქართული სამართალდამცავი უწყებებისთვის გადმოცემა მოხდეს, რომ მოხდეს მისი გასამართლება.
როდესაც ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაიწყო ძებნა, ის ბარსელონაში აღმოჩნდა და დააკავეს. ჩემი ინფორმაციით, სახელი და გვარი შეცვლილი არ ჰქონდა.
მოითხოვა თუ არა მან პოლიტიკური თავშესაფარი, ეს საკითხი ჩემთვის უცნობია, მაგრამ, რაც შეეხება ექსტრადიციას, გადმოცემის დამაბრკოლებელი გარემოებების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“, – განაცხადა საქმის პროკურორმა ბექა ხუნაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
24 სექტემბერს, სუსმა ძებნა გამოაცხადა კომპანია B.P. TRANS- ის მფლობელსა და ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატ, ბიჭიკო პაიკიძეზე.
სუსის განცხადებით, ძებნის გამოცხადებას საფუძვლად დაედო გამოძიება თაღლითობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისების შესახებ. სუსი ამბობს, რომ საქმე ეხება თაღლითობას და თაღლითობაში დახმარებას.
„სახელმწიფოს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია შპს BP Trans-ის დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია, ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ და საზედამხედველო კომპანიის 3 თანამშრომელი. ხოლო შპს BP Trans-ის ყოფილ დირექტორს და 100%-იანი წილის მფლობელს, ამჟამად მიმალვაში მყოფ ბიჭიკო პაიკიძეს დაუსწრებლად წარედგინება ბრალი და გამოცხადდება ძებნა“, – აცხადებს უწყება.
სუსის თანახმად, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 80-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.