აქციების დროს დაკავებული მათე დევიძის საქმეზე დღეს, 16 მაისს პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა დასკვნითი სიტყვა თქვა.
ბრალდების მხარემ დაცვის მხარის მტკიცებულებები უდაოდ ცნო, რის შემდეგაც საქმე დასკვნითი სიტყვების ეტაპზე გადავიდა. დაცვის მხარის დასკვნით სიტყვას სასამართლო მომდევნო სხდომაზე მოისმენს, რომელიც 12 ივნისს ჩაინიშნა.
მათე დევიძეს აქციაზე სამი პოლიციელისთვის (ლევან კოდელაშვილი, გიორგი ესტატეშვილი, ბიძინა ჟამერაშვილი) ჯოხის დარტყმას ედავებიან, რის გამოც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ხუბეჯაშვილმა დასკვნით სიტყვაში სხვადასხვა საკითხთან ერთად ყურადღება გაამახვილა დანაშაულის შემადგენლობასადა ასევე აუცილებელი მოგერიების ფარგლებზე.
„როდესაც ვსაუბრობთ პოლიციელზე თავდასხმაზე, მათ შორის მუხლის შემადგენლობაზე უნდა ითქვას ისიც, რომ დაზიანების ხარისხი გადამწყვეტი არის იმ შემთხვევაში, თუ ეს გვაძლევს ისეთი ტიპის დაზიანებებს, რომელიც ჯანმრთელობის ხელყოფასთანაა დაკავშირებული და ამძიმებს პასუხისმგებლობას, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სულ რომ არ ყოფილიყო დაზიანება, თითოეული მოქმედება თავისი ხასიათით, ფორმით იყო პოლიციელზე თავდასხმა და ამ შემთხვევაში გამოხატული მოქმედებები ნათლად მიანიშნებდა იმას, რომ ეს იყო სწორედ ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და ამ შემთხვევაში თითოეული მათგანი მიუთითებდა, ლევან კოდელაშვილი – ფიზიკურ ტკივილზე, ბიძინა ჟამერაშვილი და გიორგი ესტატეშვილი მიუთითებდნენ მათ სხეულზე არსებულ დაზიანებებზე…
…პირველ რიგში, როდესაც ვსაუბრობთ აუცილებელ მოგერიებაზე, უნდა დავადგინოთ ის, რომ არსებობს თუ არა აუცილებელი მოგერიების პირობები.
მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებით ნათლად ჩანს, რომ უცილებელი მოგერიების პირობები არცერთ ვითარებაში არ არსებობდა.
დაცვის მხარეს მიერ არა მხოლოდ ამ საქმეზე, არამედ არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული განმარტება აუცილებელ მოგერიებასთან დაკავშირებით წარმოჩენილია ხოლმე თითქოს იმგვარად, რომ თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულმა პირმა, ამ შემთხვევაში პოლიციის თანამშრომელმა ჩაიდინა დანაშაული კონკრეტულ დღეს ან კონკრეტულ ადგილას, თითქოს ეს აძლევს უფლებას სხვა ნებისმიერ პირს სხვა ვითარებაში თავს დაესხას სხვა პოლიციის თანამშრომელს. ეს არაა აუცილებელი მოგერიება, ეს არის შურისძიება, თავდასხმა, სხვადასხვა ტიპის ქვენაგრძნობა… არცერთ შემთხვევაში კანონისმიერი განმარტება, რომელიც აუცილებელ მოგერიებასთან დაკავშირებით არის, სახეზე არ გვაქვს”, – აღნიშნა მან.
ის ასევე შეეცადა გაექარწყლებინა გამოძიების ეტაპზე მათე დევიძის მიერ დაფიქსირებული ჩვენება, სადაც ის ამბობს, რომ შეეშინდა იმ კონკრეტულ მომენტში.
პროკურორის თქმით, მათე დევიძეს შიშის საფუძველი არ უნდა ჰქონოდა, ვინაიდან აქციაზე მყოფი პოლიციელები მასთან შემხებლობაში არ იყვნენ. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ „იმ კონკრეტულ მომენტში აქცია იყო მშვიდობიანი”.