მზია ამაღლობელის დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა თქვა, პროკურორმა საპროცესო შეთანხმება ახსენა.
მზია ამაღლობელის საქმის პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა განაცხადა, რომ დაცვის მხარეს აქამდე არ მიუმართავს საპროცესო შეთანხმებისთვის.
„მათი მზადყოფნის შემთხვევაში ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ განვიხილოთ [საპროცესო შეთანხმება]“ – თქვა მან „ნეტგაზეთის“ ცნობით და დასძინა, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დაზარალებულად ცნობილი ირაკლი დგებუაძეც თანახმაა.
როგორც მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სხდომის დასრიულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა, მზია ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და საპროცესო შეთანხმებას გამორიცხავს.
საპროცესო შეთანხმების გაფორმება ითვალისწინებს, რომ მზია ამაღლობელმა აღიაროს პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარდგენილი ბრალდება.
„საპროცესო შეთანხმებაზე პროკურორის განცხადება სახელისუფლებო ნარატივს ეხმიანება – რომ მზიამ შემოლაწუნება ჩაიდინა დიფ სთეითის დავალებით, რომ მას დაუდგენელი პირები რაღაც ინსტრუქციებს აძლევდნენ და ა.შ. ბრალდებამ თქვა იგივე – თუ მზია დაიბრალებს ყველაფერს, რაც მას არ ჩაუდენია: პოლიციელების შეურაცხყოფა, წინააღმდეგობა და თავდასხმა – მაშინ ბრალდება იფიქრებს სასჯელის შემსუბუქებაზე.
ეს ვიცოდით პირველივე დღიდან. მას სთავაზობდნენ: მოინანიე, აღიარე. ჩვეულებრივი ძალადობაა კანონის სახელით.
მას ეუბნებიან, რომ ასეთი სასამართლოა, არაფრის შანსი არ გაქვს, ასეთი ბრალდებაა, არაფრის შანსი არ გაქვს. უნდა დაიბრალო ის, რაც არ ჩაგიდენია, თუ გინდა, თავისუფლება იხილო”. – თქვა მაია მწარიაშვილმა.
დღევანდელ პროცესზევე პროკურორმა შოთა ჩხაიძემ თქვა, რომ „უტყუარად დასტურდება, რომ მზია ამაღლობელმა დანაშაული ჩაიდინა” და მისთვის „კანონით გათვალისწინებული სასჯელი” მოითხოვა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, რადგან ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. პოლიციელები, რომლებიც მზიას დაკავების შემდეგ გამოიკითხნენ, ამბობენ, რომ დგებუაძეს შედეგად მარჯვენა ლოყა და ყური გაუწითლდა.
11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.
13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.
15 იანვარს საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ მზია ამაღლობელთან რუსთავის ციხეში ვიზიტის შემდეგ ისაუბრა ირაკლი დგებუაძის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე.
ქურდოვანიძემ აღნიშნა, რომ დგებუაძემ ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა გარკვეული დროის განმავლობაში წყლის დალევის, ასევე, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა.
მზია ამაღლობელი უსამართლობას 38 დღის განმავლობაში შიმშილობით აპროტესტებდა.