პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა მზია ამაღლობელის საქმიდან ექსპერტიზის დასკვნის ამოღება მოითხოვა.
მისი თქმით:
„წარმოდგენილ დოკუმენტს ვერ დავარქმევთ ექსპერტიზის დასკვნას. ის არ აკმაყოფილებს ექსპერტიზის დასკვნისთვის აუცილებელ პირობებს. ექსპერტი, რომელიც მოხსენიებულია, როგორც ექსპერტი, არ არის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, ეს მტკიცებულება არ შეიძლება, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს“.
პასუხად ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობის გაცნობისთვის დრო ითხოვა.
მწარიაშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნის ამოღებას, საქმესთან შეუსაბამობის საბაბით, ბრალდების მხარე თავიდანვე ითხოვდა და ეს მოთხოვნა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა დააკმაყოფილა.
თუმცა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მალხაზ ოქროპილაშვილის გადაწყვეტილებით, ზოგიერთი მტკიცებულება საქმეში დაბრუნდა, მათ შორის, ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნა.
სამედიცინო ექსპერტი გივი ჩხარტიშვილი, რომელმაც 12 იანვარს ექსპერტიზა ჩაუტარა როგორც ირაკლი დგებუაძეს, ასევე, მზია ამაღლობელს და სამედიცინო დასკვნა გამოსცა, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 მაისს გამოიკითხა.
გივი ჩხარტიშვილმა პროცესზე თქვა, რომ ირაკლი დგებუაძეს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა, ხოლო მზია ამაღლობელს მარცხენა მხრის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ეს დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.