„პროპაგანდის პატიმრები“ - აქტივისტებმა თბილისში აქცია გამართეს

პუბლიკა

თბილისში, პარლამენტის მიმდებარედ ივერი მელაშვილის, ნატალია ილიჩოვას, გიორგი რურუას, აკაკი ხუსკივაძისა და აკაკი კობალაძის (ისნის საოლქო კომისიის გარდაცვალების საქმე) გათავისუფლების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა და პოლიტიკოსებმა აქცია გამართეს. მათ დაკავებულების ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ.

„პროპაგანდის პატიმრები“, „ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმრები“ – ამ შინაარსის პლაკატები გააკრეს აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან აღმართულ რკინის ბარიერზე და განაცხადეს, რომ აქცია დღის განმავლობაში სხვადასხვა ადგილას გაიმართება.

„ჩვენ გამოვიყენებთ პროტესტის ყველა ფორმას, რაც კი არსებობს და სამართლებრივ ჩარჩოში ჯდება, რათა ხმა მივაწვდინოთ იმ ყრუ და ბნელ ადამიანებს (მინიმუმ, შევაწუხოთ), რომელთათვისაც არც სინდისი, არც მორალის არანაირი ზღვარი  არ არსებობს და მათ ჩვენ ეს დაგვანახეს ნათლად. შეხმატკბილებულად გვაჩვენეს, რომ არ არსებობს სამართლიანობა. ვისი ხმის ტემბრიც არ მოეწონებათ, ვისი საუბრის მანერა და ტონიც არ მოეწონებათ, შეუძლიათ, ისე გაანადგურონ, თვალიც არ დაახამხამონ“, – განაცხადა სოფო სოსელიამ, აკაკი კობალაძის მეუღლემ.

ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის მოლაპარაკების ერთ-ერთი საკითხი, მათი თქმით, პოლიტპატიმრების – მელაშვილის, ილიჩოვას, რურუას, კობალაძისა და ხუსკივაძის გათავისუფლებაა.

აღსანიშნავია, რომ, როგორც მოლაპარაკებიდან გამოსული ოპოზიციონერები აცხადებენ, სწორედ ეს საკითხია, რიგგარეშე არჩევნებთან ერთად, ის თემა, რაზეც ხელისუფლებასთან შეთანხმებას ვერ აღწევენ.

დღეს, 9 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამ საქმეებში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს და რომ საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ.

„საქართველოში პოლიტპატიმრების დრო ჩაბარდა წარსულს 2012 წლის შემდეგ. აქ არის მარტივი პასუხი“, – განაცხადა მან.