პრორუსი პროპაგანდისტი კვარაცხელია: ხვალ თბილისის აეროპორტში დაეშვება ისტორიული თვითმფრინავი

პუბლიკა

პრორუსი ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და პროპაგანდისტი ვალერი კვარაცხელია წერს, რომ ხვალ 13 საათსა და 50 წუთზე თბილისის აეროპორტში დაეშვება ისტორიული თვითმფრინავი, რეისით – A 4851.

„ჩვენს ძვირფას თანამემამულეებთან ერთად ამ პირველი რეისით ჩამოვფრინდებით დელეგაციის წევრებიც, ვისმა დაძაბულმა დიპლომატიურმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. ამიერიდან ბედნიერად იფრინეთ უვიზოდ და პირდაპირი რეისებით, “- წერს ის.

რუსეთის უკრაინაშ შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ ვალერი კვარაცხელია აქტიურად წერს და აცხადებს, რომ რუსეთის გამარჯვება სურს.

„რადიო თავისუფლებაზე“ დაყრდნობით, ვალერი კვარაცხელია 2022 წლის დეკემბერში, მოსკოვში მონაწილეობდა რუსეთის დუმის დსთ-ს საქმეთა და ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ფორუმში, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ავიარეისების აღდგენაზე მსჯელობდნენ.

გუშინ გახდა ცნობილი, რომ ვალერი კვარაცხელიას შვილი გაუწევს მიწისზედა მომსახურებას საქართველოში ჩამოფრენილ რუსულ ავიაკომპანია „აზიმუტს“. ამ ავიაკომპანიას ნებართვა თბილისში ფრენებზე „ჯორჯიან ეარვეისთან“ ერთად სამოქალაქო ავიაციის სააგნტომ მისცა.