„ღირსება არ იყიდება“, „დიდება უკრაინას“, – გურიაში ოზურგეთის შემდეგ პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან საპროტესტო აქცია ჩოხატაურშიც გაიმართა.
„ჩვენი აქციის მიზანი იყო, რომ არ დავუშვათ პრორუსულმა ძალამ დასაყრდენი პოვოს თუნდაც პერიფერიებში, რადგან პერიფერიებში ცხოვრება არ ნიშნავს პერიფერიულ აზროვნებას, როგორიც მათ აქვთ. მათ უნდათ, რომ ქვეყანა პერიფერიად აქციონ და ეს წარმოუდგენელია ჩემთვის, რადგან მაქვს გარკვეული გამოცდილება ამ იმპერიასთან ურთიერთობის – 9 აპრილს. მოდიან დაპირებით, რომ ყველაფერ მოგვიწყობენ, რომ ჩვენ ვართ უმწეო, უსუსური ერი, დამოუკიდებელი არსებობა არ შეგვიძლია და გვჭირდება დიდი ძმა, უფროსი ძმა, რომელიც გვიწინამძღვრებს და სამშვიდობოს გაგვიყვანს, წისქვილს გვიყიდის ბონიასავით და თუ შენს ქვეყანას სულს ამოხდი, მერე 5 ათას მანეთსაც გადაგიხდის. რუსეთმა თავისი მოქალაქეები აქცია მონებად და ამათ რას უზამს? ვიღაცამ, ალბათ, კეთილდღეობის ილუზია შეუქმნა და „გაჭირვებამ აჯობა“ ამ საცოდავებს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ აქციის ორგანიზატორი ნანა მგალობლიშვილი.
„კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან შეკრებილმა მოქალაქეებმა შენობის ფასადზე დათა თუთაშხიასა და ბონია მეწისქვილის დიალოგის ფრაგმენტიც გააკრეს. მათი თქმით, საპროტესტო აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პარტიის ოფისი არ დაიხურება.
„დღეს აქციაზე იყო ჩოხატაურის რაიონის ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი შეკრებილი. მოაზროვნე, განათლებული, ნებისმიერი ქვეყანა რომ იამაყებს, ისეთი ახალგაზრდები. ისინი ამას არ დაუშვებენ. მთელი რაიონიც რომ დაუპირისპირდეთ, არ დაუშვებენ, რომ ჩოხატაურში იფუნქციონიროს სერგო ორჯონიკიძისა და ფილიპე მახარაძის შტაბმა. ამას აღვიქვამთ ღირსების შელახვად, რომ ჩოხატაურის ცენტრში პრორუსული ძალა ხსნის უზარმაზარ ოფისს, კარგი ავეჯით აღჭურვილს – მაგრამ ფორმა რას უშველით, შინაარსი არ გააჩნიათ, შინაარსით არიან გაკოტრებულები. გონს მოეგოს ფართის გამქირავებელიც და დამქირავებელიც. ისინი ქვეყანას დამოუკიდებლობის პერსპექტივას უკარგავენ“, – ამბობს ნანა მგალობლიშვილი.
„კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან საპროტესტო აქცია გუშინ, 13 მარტს ოზურგეთშიც გაიმართა. იქამდე კი ფართის მეპატრონეებმა ხულოსა და შუახევში პრორუსული, ძალადობრივი „ალტ-ინფოს“ პარტია ოფისებიდან გააძევეს.