პრორუსული ჯგუფის, „ალტ ინფოს” ახალი პარტია საჯარო რეესტრს ჯერაც არ დაურეგისტრირებია.
8 აპრილის ჩანაწერის თანახმად, წარდგენილი დოკუმენტები ხარვეზიანია.
„ალტ ინფომ” ახალი პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“ რეგისტრაციაზე განაცხადი 27 თებერვალს შეიტანა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ განსახილველად საჭირო განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები, მათ შორის პარტიის ყრილობის ოქმი, მიღებულად ცნო.
თუმცა, როგორც ირკვევა, 27 მარტს რეესტრმა წარდგენილი დოკუმენტები ხარვეზიანად მიიჩნია. „ალტ ინფომ” დოკუმენტები 4 აპრილს ხელახლა წარადგინა, 8 აპრილს კი რეესტრმა ისინი ისევ დაახარვეზა.
უწყების უახლესი ჩანაწერის თანახმად, პარტიის „კონსერვატორები საქართველოსთვის“ წარდგენილი დოკუმენტაცია რეგისტრაციის პირობებს არ შეესაბამება, ვინაიდან:
კანონის მიხედვით, პარტიის შესაქმნელად საჭიროა არანაკლებ 300 მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი. დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებიდან 1 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს უნდა წარედგინოს მონაცემები ამ პირების შესახებ. ეს ინფორმაცია პარტიის შექმნის მსურველმა უნდა წარადგინოს:
- ქაღალდზე დაბეჭდილი ფორმით
- ელექტრონული ფორმით (Excel ფაილი – xlsx, cvs ან მსგავსი ფორმატით, UTF8 კოდირებით)
საჯარო რეესტრი წერს, რომ „ალტ ინფოს” მიერ მიერ წარდგენილ განცხადებას არ ახლავს სწორად შედგენილი სია არც ქაღალდის და არც ელექტრონული ფორმით”.
„ალტ ინფოს” პარტიის რეგისტრაციის პრობლემები მანამდეც არაერთხელ შეექმნა.
2024 წლის 8 აპრილს ჯგუფის პარტია „კონსერვატიულ მოძრაობას“ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა. მიზეზად ხარვეზი დასახელდა. კერძოდ, რეესტრის თანახმად, პარტიას 2021 წლის დეკემბერში გამართულ ყრილობაზე მიღებული წესდება უნდა წარედგინა, რაც არ გაუკეთებია.
გაუქმებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2024 წლის 4 აპრილს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცესკომ საარჩევნო სუბიექტად დაარეგისტრირა წარდგენილი ხელმოწერების ფონზე. როგორც პარტიის წევრები ამბობდნენ, მათ საჭირო 25 ათასი ხელმოწერის ნაცვლად 50 ათასი წარადგინეს.
„ალტ ინფოს“ პარტიის გაუქმების შესახებ რეესტრის გადაწყვეტილების შემდეგ მათ „ქართულმა იდეამ“ პარტია აჩუქა. 26 აპრილს რეესტრმა „ქართული იდეის“ გაუქმების პროცესიც დაიწყო. მიზეზად დასახელდა „რეესტრში შესული ანტიკორუფციული ბიუროს მიმართვა/შინაარსით საჩივარი, რომელიც ეხება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ქართული იდეა“ რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობასთან შესაბამისობის მოკვლევას“.
მაშინ „ალტ ინფომ“ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურდა, მათი სახით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კონკურენტი ჰყოლოდა.
„ალტ ინფომ” 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა „პატრიოტთა ალიანსთან” ერთად მიიღო – ჯგუფის წევრები: გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, ირაკლი მარტინენკო და შოთა მარტინენკო სწორედ „პატრიოტთა ალიანსის“ საპარლამენტო სიაში იყვნენ.
„ალტ ინფოს” ორგანიზებით თბილისში არაერთი ძალადობრივი, ჰომოფობიური აქცია ჩატარდა. მათ შორის, 2021 წლის 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი „ღირსების მარშის” წინააღმდეგ „ალტ ინფოს” ორგანიზებით შეკრებილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა პარლამენტის წინ ხელისუფლების წინააღმდეგ აღმართული კარვები დაშალეს. ადგილზე არ ყოფილა პოლიცია.
კარვების დაშლის შემდეგ მათ პარლამენტის წინ აღმართული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და ჯვარი აღმართეს.
იმავე დღეს, ამ ჯგუფებმა დაარბიეს სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და ლგბტქ+ უფლება დამცველი ორგანიზაციის „თბილისი პრაიდის“ ოფისები. ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მთავარი სამიზნე მედია და ჟურნალისტები გახდნენ. მათი თავდასხმის შედეგად 53 ჟურნალისტი დაშავდა.
2023 წლის 8 ივლისს „ალტ ინფოს” ორგანიზებულმა მოძალადეებმა დაარბიეს „პრაიდ ფესტივალი” ლისზე.