რუსეთის შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ვახტანგ თოხაძეს მღვდელმსახურება შეუჩერდა – ინფორმაცია „პუბლიკას“ შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, იოსებმა დაუდასტურა.
კითხვაზე – დროებით შეუჩერდა, თუ არა თოხაძეს მღვდელმსახურება? – მიტროპოლიტი გვპასუხობს, რომ ეს მომდევნო დღეებში, ეპარქიის კრებაზე გადაწყდება. მიტროპოლიტმა იოსებმა „პუბლიკას“ დაუდასტურა, რომ მღვდელმსახურების შეჩერება სასულიერო პირის მიერ რუსეთის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა განაპირობა.
გუშინ, 12 აპრილს სასულიერმო პირმა ოზურგეთში პრორუსული „ალტ-ინფოს“ პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისი აკურთხა.
„ეს არის ხალხი [„ალტ-ინფო“], რომელსაც ყველასთან მშვიდობიანი ურთიერთბა უნდა“, – განაცხადა ვახტანგ თოხაძემ „TV პირველთან“ და ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს აუპატიურებენ უკრაინაში, ის პასუხობს – „იტყუები, მასე აკეთებს ყველა, როცა ომია. ქალებიც და ბავშვებიც კვდება“.
შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები 10 მარტს აცხადებდა, რომ თუ მამა ვახტანგი „ალტ-ინფოს“ მხარში ამოუდგებოდა, მღვდლობა შეუჩერდებოდა.
„თუ დადასტურდა ეს ინფორმაცია, რომელსაც მამა ვახტანგი უარყოფს, მღვდლობა შეუჩერდება. უკვე ვესაუბრე მას ამის შესახებ. თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება ოკუპანტ რუსეთთან დაკავშირებით, უკვე ბევრჯერ გავაკეთე განცხადება ამის შესახებ და თუ მამა ვახტანგი მხარში ამოუდგება ალტ.ინფოს საქმიანობას, აუცილებლად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება, მე მას ვესაუბრე და გავაფრთხილე სამღვდელოებასთან ერთად”, – აცხადებდა მიტროპოლიტი იოსები 10 მარტს.