პრორუსული პარტიის წევრი რუსეთთან სამხედრო ალიანსის შესაძლებლობასაც განიხილავს

პუბლიკა

გადაცემა „დროების“ ეთერში გასულ სიუჟეტში, რომელიც საქართველოში მოქმედ პრორუსულ ძალებს ეხება, პრორუსული პარტიისა და ძალადობრივი  „ალტ-ინფოს“ წამყვანი ზურაბ მახარაძე აცხადებს, რომ „თუ იქიდან სასწორის ერთ პინაზე დევს ტერიტორიული მთლიანობა, აქედან შეიძლება იყოს მათთან [რუსებთან] ეკონომიკური და სამხედრო ალიანსი“.

„რა რაზე შეიძლება გავცვალოთ, მაგაზე ვამბობთ, რომ ვაჭრობის საგანი თუ იქიდან სასწორის ერთ პინაზე დევს ტერიტორიული მთლიანობა, აქედან შეიძლება იყოს მათთან [რუსებთან] ეკონომიკური და სამხედრო ალიანსი, მათ შორის“, – აცხადებს ზურაბ მახარაძე.

ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას შესთავაზებენ რუსეთს, პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კოკა მორგოშიამ უპასუხა, რომ „ჯერჯერობით მაგის გაჟღერება სწორი ან ლოგიკური არ იქნება“.

„რის სანაცვლოდ გპირდებიან დეოკუპაციას?“, – ჰკითხა ჟურნალისტმა მორგოშიას, რაზეც ის პასუხობს – „არის რიგი საკითხები… რიგი საკითხები, რომლებსაც ვიზიტამდე პირობას დავდებ, რომ ყველაფერი გეცოდინებათ“.

შეკითხვაზე, ესაუბრება თუ არა მოსკოვში მაღალი თანამდებობის პირებს, მორგოშია პასუხობს –  „ძალიან მაღალი. კონკრეტულად ხომ არ ვიტყვი“. 

მისივე თქმმით, პუტინს არ ელაპარაკება, თუმცა შეკითხვაზე, პარტიის არსებობის შესახებ იცის თუ არა პუტინმა, მორგოშია პასუხობს – „ყველამ იცის ჩვენ შესახებ, დიდი იმედები მყარდება ჩვენს პარტიაზე როგორც იქ, ასევე აქ“.