„პროტესტი არ გაჩერდება, ვერცერთი პოლიციელის ვითომ ძალისხმევა ამ ნებას ვერ შეაჩერებს" - მელია

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროსთან. აქციაზე იმყოფებიან ენმ-ის ლიდერები და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიიდან იუსტიციის სახლამდე ფეხით მივიდნენ.

ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით მიმართ შეკრებილებს. მისი თქმით, აქციის მიზანი მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ის ამბობს, რომ მთავარი მოთხოვნა მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.

ნიკა მელიას თქმით,  აქციები გაიმართება ყოველდღე, სხვადასხვა წერტილში.

„რაც გუშინ მათ გააკეთეს, ამის შედეგად ვითარება კიდევ უფრო მძიმეა დღეს, ვიდრე იყო გუშინ. გუშინ მოიტაცეს პატიმარი, თავი დავანებოთ სტატუსს, არცერთი პატიმრის მიმართ ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდათ. ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიმართ იკადრეს, მოტყუებით გააკეთეს ის, რაც გააკეთეს. ეს პროტესტი არ გაჩერდება, სანამ სააკაშვილის ფიზიკური უსაფრთხოება არ იქნება უზრუნველყოფილი.

არ გავჩერდებით, ვერცერთი პოლიციელის ვითომ ძალისხმევა ამ ნებას ვერ შეაჩერებს. ვერცერთი გომელაური და ღარიბაშვილი. მათ ჩვენი პროვოკაციებში ჩათრევა სურდათ. ხელისუფლება ცდილობდა, გადავესროლეთ სამოქალაქო დაპირისპირებაში, საიდანაც შეიძლება მრავალი წელიწადი ვერ გამოვსულიყავით. დაგეგიმლად 2 საათით ადრე იკადრეს ის, რაც იკადრეს.

ელენე ხოშტარიას და მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებაზე და ჯანმრთელობა ზრუნვა და მიტაცებული სახელმწიფოს უკან დაბრუნება ჩვენი ინტერესია. ყოველდღიური ბრძოლით – დაშლით, შეკრებით, დაშლით, შეკრებით. გადაადგილებით რაიონიდან, რაიონში. უბნიდან, უბანში. სხვადასხვა წერტილში ერთდროულად. ნახავთ, რას ნიშნავს თანამედროვე მეთოდები და გზები.

ძვირფასო თანამებრძოლებო, ერთი, რაც ჩვენ გვევალება, არის არდაღლა, ყოველდღიური ბრძოლა იქნება. დღეში რამდენიმე სხვადასხვა საპროტესტო აქცია იქნება – ეს უნდა აზვირთდეს თოვლის გუნდის პრინციპით და კუმულაციურმა ეფექტმა უნდა დაარტყას დემოკრატიული ტალღის სახით რეჟიმს. ეს პროცესი შეუქცევადია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.