„ჩვენ არ გვინდა, წინ გავუსწროთ მოვლენებს და საბოლოოდ ვთქვათ, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია. ENKA-მ თქვა, რომ აპირებს გასვლას. ამ ერთი თვის ვადაში უნდა მოხდეს ხელშეკრულების საბოლოოდ გაწყვეტა“, – ასე ეხმაურება ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტი ვარლამ გოლეთიანი სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.
ინფორმაცია გუშინვე დაადასტურა ეკონომიკის სამინისტრომ და თქვა, რომ„ენკა“ ნამახვანჰესის ხელშეკრულების შეწყვეტას გეგმავს. ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია ENKA-ს წარმომადგენლობას საქართველოში.
როგორც ვარლამ გოლეთიანი ამბობს, „რიონის ხეობის მცველებისთვის“ ხელშეკრულების გაწყვეტის პროცესში აუცილებელია რამდენიმე საკითხის გარკვევა. ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, „თუ რა ბედი ეწევა მიწას“.
„…უნდა აღინიშნოს აუცილებლად, რა ბედი ეწევა მიწას – ანუ, უნდა დაგვიბრუნდეს აუცილებლად უკან მიწები. ეს მნიშვნელოვანია. ამიტომ, ჩვენი ბრძოლა და ყურადღება უნდა გაგრძელდეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მხოლოდ ხელშეკრულების შეწყვეტა არ არის მნიშვნელოვანი“, – ამბობს გოლეთიანი.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად „რიონის ხეობის მცველი“ კომპანია ENKA-სთვის გაცემულ ნებართვებსაც ასახელებს, რომელიც, მისი შეფასებით, უკანონოა.
„აქ არის ნებართვების საკითხიც მნიშვნელოვანი – ნებართვები, რომლებიც გაცემულია პროექტთან დაკავშირებით. უკანონო ნებართვები უნდა გაბათილდეს – ეს ჩვენს მოთხოვნებშიც არის ჩაწერილი. ამიტომ ამ მიმართულებითაც სანამ არ მივაღწევთ, რომ გაბათილდეს და სამინისტრომ გააუქმოს ის თავისი უკანონო ნებართვები, მანამდე, რა თქმა უნდა, პროტესტი არ შეწყდება. ჩვენ არ ვიშლებით და არსად არ მივდივართ, ჯერჯერობით, სანამ საბოლოოდ არ გადაწყდება ეს საკითხი. ეს არის უმნიშვნელოვანესი“, – ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
გოლეთიანმა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ Facebook-გვერდზე პასუხისმგებლობის საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გამოძიებაა ჩასატარებელი.
„ისმის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით რაღაც გარკვეული კითხვები, რომ აი, „ვზარალდებით ახლა, თურმე, და ვინ გადაიხდის ამ ფულს და აბა თქვენ გადაიხადეთ“, ჩვენი მისამართით იშვერენ ხელს და აქვე მინდა მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ჩვენ უკვე 329 დღეა, ვუხსნით საზოგადოებას, რატომ არის ეს ხელშეკრულება კაბალური და ამ ხელშეკრულებაში დარჩენით რა ზიანი მიადგება გრძელვადიან სურათში ქვეყანას“, – ამბობს გოლეთიანი.
მისივე განმარტებით, ხელშეკრულებაში დარჩენით ქვეყანას ფინანსურად გაცილებით უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა, ვიდრე ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში. როგორც გოლეთიანი ამბობს, მოძრაობას არ ეშინია საუბრის იმ შემთხვევაში, თუ „რიონის ხეობის მცველების“ პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
„თუ ჩვენი პასუხისგების საკითხი დადგება, არც ამისი გვეშინია. არასდროს არსად საუბრის ამასთან დაკავშირებით ჩვენ არ შეგვშინებია. შეგვიძლია, ნებისმიერ ინსტანციაზე დავასაბუთოთ, რომ ხელშეკრულება არის კაბალური და ეს ჩვენმა საზოგადოებამ იცის“, – ამბობს გოლეთიანი.
„რიონის ხეობის მცველი“ ამბობს, რომ ხელისუფლებაა ასევე პასუხისმგებელი ხელშეკრულების გაწყვეტის გამო მიღებულ ფინანსურ ზარალზეც.
„მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად გვინდა ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას იმ ნაწილშიც, რა ზარალსაც ბიუჯეტი და შესაბამისად ჩვენ, ხალხი მივიღებთ და დაგვეკისრება ამ ყველაფრისგან, რადგან რატომ მოეწერა ხელი მსგავსი ტიპის ხელშეკრულებას, აი, ამაზე პასუხი უნდა აგონ იმ პირებმა, ვინც ხელი მოაწერა – ხელისუფლებამ და მთელმა რიგმა ჩინოვნიკებმა, ვინც დოკუმენტს მოაწერა ხელი“, – ამბობს გოლეთიანი.
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას აქტივისტებს ვერ დააკისრებს და ვერ შემოაბრუნებს საკითხს ისე, რომ თითქოს „რიონის ხეობის მცველები“ ქვეყნის განვითარებას ებრძვიან.
ხელშეკრულება ინვესტორ კომპანიასთან 2019 წლის აპრილში გაფორმდა.
ხელშეკრულებასა და ზოგადად, ნამახვანჰესის პროექტს უარყოფითად აფასებდა ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო სექტორის წევრი ორგანიზაციები.
ჰესის წინააღმდეგ მოსახლეობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობის ფარგლებში გაერთიანდა. პროტესტის განმავლობაში ისინი შემდეგ მოთხოვნებს აყენებდნენ:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება, რომლის საფუძველზეც, კომპანია „ენკას“ საკუთრებაში და ასევე, სარგებლობის უფლებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ტერიტორიები გადაეცა;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, არ იყო შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები. გარდა ამისა, მათი თქმით, პროექტს არათუ ვერ ექნება წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთს ითვალისწინებს.