პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი, ვახტანგ მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ადგილობრივების „პროტესტი ძალიან ბუნებრივი, სამართლიანი და მხარდასაჭერია“.
„მიწა არის ადამიანების საკუთრება. ადამიანებისთვის საკუთრების განცდა ინსტინქტურად გასაგები გრძნობაა. ის რომ მოძალადე არ აღიარებს საკუთრებას ადამიანებს კიდევ უფრო აბრაზებს. პრობლემის არსი მდგომარეობს მთავრობის მიერ შინაარსობრივად საკუთრების ექსპროპრიაციაში მისთვის სასურველი ახალი მესაკუთრისათვის გადაცემის მიზნით! პროტესტი ძალიან ბუნებრივი, სამართლიანი და მხარდასაჭერია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
ამავე თემას გამოეხმაურა და სოლიდარობა გამოუცხადა სამოქალაქო პროტესტს პარტიამ „ლელო-საქართველოსთვის“. როგორც „ლელო“ აღნიშნავს, ნამახვანის ჰესის კასკადის არსებული პროექტი არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ის არის გამართული და არ წარმოშობს საფრთხეს როგორც ბუნებისთვის, ისე მოსახლეობისთვის, რაც მათივე თქმით, ეფუძნება ნეიტრალური ექსპერტების შეფასებებს.
დღეს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ადგილობრივმა აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის ვადაში ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია ENKA არ გავა ტერიტორიიდან, ისინი მოახდენენ ქალაქ ქუთაისის პიკეტირებას:
„ხვალ, კომპანია გააგრძელებს ისევ სამუშაო პროცესს. თუ მათ არ გაითვალისწინეს დღევანდელი შეკრება რაც აქ ხდება, დავთქვამთ ორი კვირის ვადაში შეკრებას, ისეთივე ფართომასშტაბიანს, როგორიც დღეს გვაქვს და ჩვენ მოვაწყობთ ქალაქის პიკეტირებას – დავაყენებთ მანქანებს და მივატოვებთ აქ და წავალთ სახლებში“, – აღნიშნა გოლეთიანმა.
ადგილობრივი მოსახლეობა 126-ე დღეა, რაც ჰესის მშენებლობას ადგილზე ყოველდღიურ რეჟიმში, უწყვეტად აპროტესტებს.
მათი მოთხოვნებია:
„გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.
3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი.
4. კომპანია „ენკა რინიუებლზმა” დატოვოს რიონის ხეობა”.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობა კანონის დარღვევით მიმდინარეობს. კომპანია კი აცხადებს, რომ მათ მიმდინარე სამუშაოებისთვის ყველა შესაბამისი ნებართვა აქვთ.
სასამართლოში გასაჩივრებულია როგორც პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ასევე მოსამზადებელი სამუშაოების შესაბამისობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ გაცემულ სამშენებლო ნებართვასთან.