პროტესტი ხადის ხეობაში – მოსახლეობამ გზა გადაკეტა

პუბლიკა

ხადის ხეობაში მოსახლეობამ ქვეშეთი-კობის მონაკვეთის მაგისტრალამდე მისასვლელი გზა გადაკეტა. მათი თქმით, მაგისტრალის მშენებლობის შედეგად სახლები და ნაკვეთები დაუზიანდათ, რაზეც ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს.

მითივე ცნობით, ხადის ხეობაში პოლიციაც იყო მობილიზებული, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლებიდან მოსახლეობასთან შესახვედრად არავინ გამოჩენილა.

ადგილობრივები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ, სანამ სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს.

„ქვეშეთი-კობის საავტომობილო მშენებარე გზამდე მისასვლელი გზა გვაქვს გადაკეტილი. მაგისტრალის მშენებლობის პროცესში დაზიანდა ნაკვეთები, დაინგრა სახლები, ბევრი მათგანი დაბზარულია. წყალი მიუვარდათ ერთ-ერთ სოფელში და დაიტბორა ყველაფერი. სამწუხაროდ, სახელმწიფო რეაგირებას არ ახდენს, არც კომპენსაციის გაცემას აპირებს, არც დაზიანებული სახლების აღდგენას აპირებს და მთლიანად მთიულეთი ამ პრობლემის წინაშე დადგა.

ასე უკონტროლოდ და უპასუხისმგებლოდ ხდება აქ პროცესები; უკვე გაუსაძლისია; დღეს იყო უკანასკნელი წვეთი. ბრძოლას გავაგრძელებთ იქამდე, სანამ მიზანი მიღწეული არ იქნება და სახელმწიფო შესაბამის რეაგირებას არ მოახდენს“, – ამბობს „პუბლიკასთან“ საუბრისას ადგილობრივი მცხოვრები, ზურა ბურდული.

ბურდულმა, ასევე, ყურადღება  გაამახვილა ქონების რეგისტრაციის პროცესზეც და აღნიშნა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფოს მხრიდან ზეწოლას განიცდის.


ხადის ხეობაში რუსეთთან დამაკავშირებელი გზის ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

გზების დეპარტამენტის იანვრის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის მთავარ, 9-კმ-იან გვირაბში სამუშაოები უკვე 5 კმ. სიღრმეზე მიმდინარეობს, ხოლო საევაკუაციო გვირაბის მშენებლობა 3820 მ-ის სიღრმეში ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, შენდება 23-კმ-იანი 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 5 ხიდი, 5 გვირაბი.