აშშ-ს 44-ე პრეზიდენტი ბარაკ ობამა ჯორჯ ფლოიდის დაღუპვის გამო დაწყვებული საპროტესტო ტალღის შესახებ წერილს აქვეყნებს.
„მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნის მილიონობით მოქალაქე გავიდა ქუჩებში და აღიმაღლა ხმა ჯორჯ ფლოიდის მკვლელობისა და კანონის წინაშე უთანასწორობის განგრძობითი პრობლემის წინააღმდეგ, მრავალი ადამიანი მეკითხება, როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ არსებული მუხტი იმისთვის, რომ რეალურ ცვლილებებს მივაღწიოთ.
საბოლოოდ, ახალი თაობის აქტივისტების ვალი იქნება მათი ეპოქის მოთხოვნების შესაბამისი სტრატეგიების შემუშავება. თუმცა მჯერა, რომ წარსული გამოცდილებებიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილის შეგვიძლია ვისწავლოთ.
პირველ რიგში, ქვეყნის მასშტაბით არსებული საპროტესტო ტალღა სიმბოლოა გულწრფელი და ლეგიტიმური იმედგაცრუებისა, ათწლეულების განმავლობაში პოლიციური საქმიანობისა და უფრო ფართოდ ამერიკის შეერთებული შტატების სისხლის სამართლის სისტემის ვერშემდგარი რეფორმის გამო. უდიდესი უმრავლესობა დემონსტრანტებისა მაგალითია მშვიდობიანი, გაბედული, პასუხისმგებლიანი და შთამაგონებელი ქცევისა. ისინი იმსახურებენ ჩვენს პატივისცემასა და მხარდაჭერას და არა გმობას – რაც კამდენისა და ფლინტის პოლიციელებმა სანაქებოდ შეასრულეს.
მეორე მხრივ, დემონსტრანტთა უმცირესი ნაწილი, რომელმაც გულწრფელი ბრაზისა თუ უბრალო ოპორტუნიზმის საფუძველზე ძალადობას მიმართეს, უდანაშაულო ადამიანებს აყენებენ რისკის ქვეშ. ანგრევენ ისეთ სამეზობლოებს, სადაც ინვესტიციისა და სერვისების ნაკლებობა ისედაც დიდი პრობლემაა, რითაც პროტესტის რეალურ მიზანს აზიანებენ. დღეს ტელევიზორში მოხუცებული შავკანიანი ქალი ვნახე, რომელიც იმის გამო ტიროდა, რომ დემონსტრანტებმა მის უბანში არსებული ერთადერთი სასურსათო მაღაზია დალეწეს. თუკი ისტორიას ჩვენთვის რამე უსწავლებია, უნდა ვიცოდეთ, რომ იმ მაღაზიის აღდგენას, სულ მცირე, წლები დასჭირდება. ამიტომ, მოდით, ნუ გავამართლებთ ძალადობას, ნურც მის რაციონალიზაციას შევეცდებით და მისი მონაწილენიც ნუ გავხდებით.
თუკი გვსურს, რომ აშშ-ის სისხლის სამართლის სისტემა და ზოგადად ამერიკული საზოგადოება უფრო მაღალი ეთიკური სტანდარტით ფუნქციონირებდეს, მაშინ ჩვენ თავად უნდა ვიყოთ მაგალითი ამ სტანდარტისა.
არაერთხელ მსმენია, რომ რასობრივი მიკერძოების პრობლემა, რომელიც დღემდე არსებობს ჩვენს სისხლის სამართლის სისტემაში, იმის მანიშნებელია, რომ მხოლოდ პროტესტსა და მყისიერ ქმედებებს შესწევთ ძალა ნამდვილი ცვლილებისა და რომ, ხმის მიცემა და ელექტორალურ პროცესში მონაწილეობა დროის ფუჭად ფლანგვაა. კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. პროტესტის მნიშვნელობა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაშია, უსამართლობაზე ყურადღების გამახვილებისა და ძალაუფლების სათავეში მყოფთათვის დისკომფორტის შექმნის გზით. მართლაც, ამერიკის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ძალიან ხშირად მხოლოდ პროტესტსა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობას უბიძგებია პოლიტიკური სისტემისთვის, შეემჩნია საზოგადოების მარგინალიზებული ჯგუფები. თუმცა მისწრაფებები ეტაპობრივად სფეციფიკურ კანონებსა და ინსტიტუციურ პრაქტიკებში უნდა ითარგმნოს – და ასევე დემოკრატიაში, რომელიც მხოლოდ მაშინ გაიმარჯვებს, თუ ჩვენი მოთხოვნების მიმართ გულისხმიერ ხელისუფლებას ავირჩევთ.
უფრო მეტიც, უაღრესად მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ხელისუფლების რა დონეებს აქვთ ყველაზე დიდი გავლენა სისხლის სამართლის სისტემასა და პოლიციის საქმიანობაზე. როდესაც პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მრავალი ჩვენგანი მხოლოდ პრეზიდენტსა და ფედერალურ ხელისუფლებაზე აკეთებს აქცენტს. და, რა თქმა უნდა, ჩვენი ვალია ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ გვყავდეს პრეზიდენტი, კონგრესი, იუსტიციის სამინისტრო და ფედერალური მართლმსაჯულება, რომლებიც აშკარად ითვალისწინებენ რასიზმის განგრძობითსა და დამანგრეველ ეფექტს ჩვენს საზოგადოებაში და აქვთ ნება, შეცვალონ არსებული რეალობა. თუმცა არჩეული ჩინოვნიკები, რომლებსაც ყველაზე დიდი როლი აქვთ სისხლის სამართლის სისტემისა და პოლიციის რეფორმირების პროცესში, საშტატო და ადგილობრივ დონეებზე საქმიანობენ.
სწორედ მერები და საოლქო ჩინოვნიკები ირჩევენ პოლიციის ხელმძღვანელობას და აწარმოებენ მოლაპარაკებებს საპოლიციო გაერთიანებებთან. სწორედ რაიონული და შტატის პროკურორები წყვეტენ პოლიციის მხრიდან სამართალდარღვევათა გამოძიებისა და დამნაშავეთა დასჯის საკითხს. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თანამდებობა არჩევითია. ზოგიერთ ადგილას პოლიციის ზედამხედველობის სამსახურებსაც ირჩევენ, რომელთა მოვალეობაა პოლიციური საქმიანობის კონტროლი და მასზე ზედამხედველობა. სამწუხაროდ, ამომრჩეველთა დასწრება მსგავს ადგილობრივ არჩევნებზე უკიდურესად დაბალია, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის – რაც უცნაურია, ვინაიდან მსგავს ადმინისტრაციებს აქვთ უდიდესი როლი სოციალური უთანასწორობის საკითხებში, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ მსგავსი საარჩევნო პროცესების ბედს ათასობით, ხანდახან კი ასობით ხმა წყვეტს.
შესაბამისად, საკითხის ფუნდამენტური ნაწილი ასე დგას: თუ გვსურს რეალური ცვლილებები, უნდა გვესმოდეს, რომ არჩევანი პროტესტსა და პოლიტიკას შორის არ დგას. ჩვენ ორივე უნდა ვაკეთოთ. ჩვენ უნდა ვმობილიზდეთ იმისთვის, რომ ყურადღება მივიქციოთ, და პარალელურად საარჩევნო ყუთებთან უნდა მივიდეთ, რათა ავირჩიოთ ისეთი კანდიდატი, რომელიც რეფორმას დაუჭერს მხარს.
საბოლოოდ, რაც უფრო მეტად სფეციფიკური იქნება ჩვენი მოთხოვნები სისხლის სამართლის სისტემისა და პოლიციური საქმიანობის მიმართ, მით უფრო გაუჭირდებათ ჩვენ მიერ არჩეულ ჩინოვნიკებს ფუჭი დაპირებებისა და რიტორიკის წარმოება იმ მიზნით, რომ პროტესტის მიწყნარებისთანავე ძველებურად დაუბრუნდნენ საქმიანობას. ამ რეფორმის შინაარსი სხვადასხვა თემისთვის განსხვავებული იქნება. დიდ ქალაქს სხვა ტიპის რეფორმები დასჭირდება, აგრარულ რეგიონებს – სხვა. ზოგიერთი ორგანოსთვის სრულფასოვანი რეაბილიტაცია იქნება საჭირო, ზოგისთვის კი წვრილმანი ცვლილებებიც საკმარისი იქნება. სასჯელაღსრულების ყველა ორგანოს ცხადი მეთოდიკა უნდა ჰქონდეს, ისევე როგორც საზედამხედველო ორგანოს, რომელიც სავარაუდო სამართალდარღვევის შემთხვევებზე დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. ყველა თემისთვის რეფორმის შემუშავებას დასჭირდება ადგილობრივი აქტივისტებისა და ორგანიზაციების აქტიური საქმიანობა, რომლებმაც უნდა იკვლიონ პრობლემური საკითხები და უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება საუკეთესო სტრატეგიების შესახებ.
მესმის, რომ ბოლო რამდენიმე თვე რთული და უკიდურესად გულდასაწყვეტი იყო – პანდემიის სირთულეებსა და სევდას თან დაერთო ტრაგიკული მოვლენები, რომლებიც კვლავ გვახსენებს იმ უსამართლობასა და უთანასწორობას, რომლებიც ამერიკულ საზოგადოებაში კვლავ მყოფობს. თუმცა ყველა რასისა და წარმომავლობის ახალგაზრდების ამაღელვებელი აქტიურობისთვის თვალის დევნება იმედით აღმავსებს. თუკი წინსვლის პარალელურად ჩვენ შევძლებთ სამართლიანი ბრაზის მშვიდობიან, მტკიცე და ეფექტურ ქმედებებად გარდაქმნას, მაშინ ეს მომენტი ჩვენი ერისთვის იქცევა ნამდვილი ცვლილებების წერტილად, ჩვენი უმაღლესი იდეალების მიმართულებით განვითარების გზაზე.
დროა საქმეს შევუდგეთ”.
აშშ-ში საპროტესტო გამოსვლები შავკანიანი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის სიკვდილს მოჰყვა. ჯორჯ ფლოიდი, ამერიკის შავკანიანი მოქალაქეა, რომელიც დაკავების შემდეგ გარდაიცვალა. თეთრკანიანი პოლიციელი, რომლის ქმედებებმაც ფლოიდის სიკვდილი გამოიწვია, დერეკ ჩაუვინია. დაკავების კადრებში ჩანს, როგორ ყვირის ქუჩაში პოლიციის მიერ ძირს დაგდებული ჯორჯ ფლოიდი – „ვერ ვსუნთქავ“, კეფაზე კი თეთრკანიანი პოლიციელი რამდენიმე წუთის განმავლობაში მუხლით აწვება. პოლიციელი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლეს, შემდგომ კი დააპატიმრეს.
ფლოიდის სიკვდილის გამო დაწყებულმა აქციებმა მალევე მიიღო ძალადობრივი ფორმები, რასაც ამერიკის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოჰყვა.
ამერიკის ხელისუფლებას 15 შტატში ქვეყნის ნაციონალური გვარდიის გამოყვანაც მოუხდა, რათა ქუჩებში მიმდინარე საპროტესტო მღელვარებასთან გამკლავებაში პოლიციას დახმარებოდა.