პროტესტი უნდა იყოს მხოლოდ პროტესტი და არა საბაბი, რუსეთმა უკანონო სანქციებისთვის გამოიყენოს - ქადაგიშვილი

პუბლიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი თბილისში ვლადიმირ პოზნერის ვიზიტსა და საპროტესტო აქციას გამოეხმაურა.

„ის, რომ რუსეთის თუ აშშ-ის თუ საფრანგეთის მოქალაქე, რომელიც იყო ჩამოსული საქართველოში და რომელსაც კანონი არ ჰქონდა დარღვეული ოკუპაციის შესახებ, მას ფორმალურად ჰქონდა საქართველოში შემოსვლის უფლება. რაც შეეხება პროტესტს, ყველას აქვს პროტესტის გამოთქმის უფლება. კარგად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩვენი პროტესტი იყოს მხოლოდ და მხოლოდ პროტესტი და არ იყოს ჰიპოთეტურად მაინც საბაბი იმისთვის, რომ რუსეთმა თავისი უკანონო სანქციების საშუალებად აღიქვას ეს. ამასაც ანგარიში უნდა გავუწიოთ.

რაც შეეხება „კომენდანტის საათის“ დარღვევას, როგორც ვიცი, ის პირებიც და დაწესებულებაც, სადაც დაირღვა, დაჯარიმდნენ. ეს ადამიანი, როგორც აღმოჩნდა, 2008 წლის მერე რამდენჯერმე იყო ჩამოსული საქართველოში. არც ხელისუფლებას და იმ სამოქალაქო აქტივისტს, ეს არ გაუპროტესტებია. ამიტომ ვამბობ, რომ, როცა რაღაცას ვაპროტესტებთ, გავაპროტესტოთ რაღაცა და ნუ გვინდა, რომ ეს პროტესტი გავხადოთ ხელისუფლების საწინააღმდეგო ქმედებად და მეორე, როცა რაღაცას ვაპროტესტებთ, ეს პროტესტი არ უნდა გახდეს კარგი საბაბი რუსეთისთვის, საქართველოზე დამატებითი უკანონო სანქციების შემოღებისა, რაც ერთხელ მოხდა – ფრენის აკრძალვა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.


რუსეთის პირველი არხის ტელეწამყვანი ვლადიმირ პოზნერი, რომელიც  ვლადიმერ პუტინის პროპაგანდისტად მიიჩნევა, საქართველოში გუშინ დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ის 87 წლის გახდა და მასთან ერთად საქართველოში ჩარტერული რეისით 40-მდე ადამიანიც ჩამოფრინდა.

პოზნერის ვიზიტს, სამოქალქო აქტივისტებისა და სხვადასხვა მოძრაობის წევრების პროტესტი მოჰყვა. ისინი მივიდნენ იმ რესტორანთან, სადაც პოზნერი დაბადების დღეს აღნიშნავდა. აქციის ფონზე პოზნერს, თავის თანმხლებ პირებთან ერთად მოუწია სასტუმრო „ვინოტელი“ დაეტოვებინა. მოგვიანებით, აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმსთან“, სადაც პოზნერი და მისი მეგობრები იყვნენ დაბინავებულნი.

ვლადიმერ პოზნერმა საქართველოში სტუმრობა შეწყვიტა და გამთენიისას თანმხლებ პირებთან ერთად საქართველო დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკ-ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს. მათივე ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან ცხრას იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. პოლიციამ  დააჯარიმა ასევე სასტუმრო „ვინოტელი“ 10 000 ლარით.