„გირჩი – მეტი თავისუფლების“, „დროასა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.
ოპოზიციონერების თქმით, 7-8 მარტის აქციებმა გამოაჩინა გზა, როგორ უნდა დაახევინონ უკან ხელისუფლებას.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებით, გამარჯვების ფაქტორები გახდა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და მკაფიო გზავნილები, საზოგადოების კონსოლიდაცია. მისი თქმით, კანდიდატის წევრობის გზაზე ნაბიჯები ამგვარად უნდა გადაიდგას.
„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება.
„საზოგადოებამ მინდა იცოდეს, რომ მართლაც, ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ კანონის სახით ერთი წინაღობა მოცილებულია, მაგრამ ჩვენი ამოცანაა, საბოლოო ჯამში ევროპული პერსპექტივის დაბრუნება, რის ბარიერადაც დღემდე დგას „ქართული ოცნება“. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო კონსოლიდაციასა და საერთაშორისო მხარდაჭერას“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
გიორგი ვაშაძის თქმით, მათ დაიწყეს კონსულტაციები პოლიტიკურ სპექტრთან, სამოქალაქო სექტორთან და პარტნიორებთან, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში, რომ შესრულდეს შემდეგი მოთხოვნები: „არა რუსულ და კლანურ სასამართლოს; არა იმ საარჩევნო სისტემას, რომლითაც არჩევნებს აყალბებთ; არა ოლიგარქიას; არა პოლიტპატიმრებს“.
ბრიფინგი ჰქონდა ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს.
„გუშინ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს: თამუნას, ლიკას, მაკას გიორგის, დათოს, ყველას სახლებში შეუვარდება და დააიდენტიფიცირებს, დააანონსა რეპრესიები“, – განაცხადა მან.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს იწყებენ.
„ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად გავივლით კონსულტაციებს, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის არცერთ პოლიტიკურ პარტიას, არცერთ პოლიტიკურ ლიდერს. ეს ქვეყანა და ამ ქვეყნის მომავალი ეკუთვნის ხალხს, რომელსაც ურყევად აქვს გადაწყვეტილი ევროპისკენ სვლა. ამას ვერც ჩუჩელა ღარიბაშვილი, ვერც ბიძინას სათამაშოები პარლამენტში, ვერც თავად ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი ვერ შეაჩერებს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.