პროტესტისა და ხმაურის ფონზე ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მთავარ ფინანსურ დოკუმენტს მხარი 14-მა დეპუტატმა დაუჭირა.
სხდომის დაწყებამდე საკრებულოს შენობაში ხმაური იყო. ენმ-ის წარმომადგენელმა, მირდატ ქადამაძემ სხდომის დაწყებამდე შპრიციდან სპეციალური სითხე გაუშვა, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. ამის გამო სხდომა შეწყდა, თუმცა მოგვიანებით ის მაინც განახლდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ძველი მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ არ დაამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის 2022 წლის ბიუჯეტი.
მათი თქმით, 2017 წლის საკრებულომ, რომლის უფლებამოსილებაც 1 კვირაში სრულდება, ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს და ეს შესაძლებლობა ახალ საკრებულოს უნდა დაუტოვოს.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 254 047,400 ლარს შეადგენს.