პროტესტის ნიშნად მუშები კვლავ შახტში რჩებიან, ორი მათგანი შეუძლოდ გახდა

პუბლიკა

ტყიბულში, ძიძიგურის შახტაში დაახლოებით სამასი მეტრის სიღრმეში 15-მდე მეშახტეა და პროტესტის ნიშნად არ ამოდის. ისინი დამსაქმებლის მიერ ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებენ.

ადგილობრივი მეშახტე რუსლან ბუცხრიკიძე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ორი მათგანი შეუძლოდ გახდა. თუმცა, ისინი პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ და შეუძლოდ მყოფი მეშახტეები ამოსვლაზე უარს აცხადებენ.

რუსლან ბუცხრიკიძის თქმით, მუშებს არ აქვთ საჭმელი, კომპანია კი მათთვის შახტში საჭმლის ჩატანაზე უარს აცხადებს. როგორც ის ამბობს, სწორედ ამან გამოიწვია ორი მეშახტის შეუძლოდ ყოფნა.

ადგილობრივი მეშახტე „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ ისინი მოლოდინის რეჟიმში არიან და კომპანიისგან რეაგირებას ელიან; ისინი ადგილზე დეპუტატსაც ელოდებიან.

მეშახტეები ამბობენ, რომ ხელფასები კომპანიამ გეგმის შეუსრულებლბის გამო გაუნახევრა, რასაც მათი პროტესტი მოჰყვა.

„გეგმის შეუსრულებლობა გამოწვეულია იქედან, რომ იყო არასწორი დაგეგმარება, იყო გეოლოგიური პრობლემები, იყო ტექნიკური პრობლემები. ეს არ უნდა აისახოს მუშების ხელფასზე, ვინაიდან ისინი მთელი თვის განმავლობაში მუშაობდნენ სრული დატვირთვით და ითხოვენ, რომ ხელფასებიც მიიღონ სრულად”, -ამბობს „რუსთავი 2-თან“ ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარე, გაგა ისაკაძე.

კომპანიის თანამშრომლები მეშახტეებთან ჩავიდნენ და გაესაუბრნენ. ისინი შახტიდან ამოსვლის შემდეგ მედიასთან ამბობენ, რომ მეშახტეები შემცირებული თვიური ანაზღაურების დამატებას ითხოვენ და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში შახტიდან ამოსვლას აპირებენ. კომპანიის ერთ-ერთი წარმოადგენელი იმედს გამოთქვამს, რომ მათთან მოლაპარაკება შედგება.