თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტში კანცელარიის ოთახში პროტესტის ნიშნად შევიდნენ და ადმინისტრაციისგან კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას მოითხოვენ. ისინი ჯაბა სამუშიასთან შეხვედრასაც ითხოვენ.
„პუბლიკა“ ესაუბრა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელს. მისი თქმით, ისინი მოთხოვნების შესრულებამდე არ დატოვებენ სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახს და ასევე მიმართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მოწოდებით, საჯაროდ მხარი დაუჭირონ გიორგი ხასაიას და მოითხოვ მისი გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან.
სტუდენტების პროტესტს ზანდუკელის ქუჩაზე შეკრებილები უერთდებიან.
„სტუდენტები შევიდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში. მათი მოთხოვნა არის ორი, რომ შეწყდეს ძალადობრივი გამოსახლება და აიკრძალოს უკანასკნელი საცხოვრებლიდან ოჯახების გამოყვანა და ასევე გათავისუფლდეს ორი დაკავებული გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა…
როგორც სტუდენტები ამბობენ, ისინი არ აპირებენ უნივერსიტეტიდან გამოსვლას მანამ სანამ ეს მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული. ჩვენ ახლა მივდივართ მსვლელობით პირველი კორპუსისკენ, რომ შევუერთდეთ სტუდენტებს“, – ვაკო ნაცვლიშვილი, მოძრაობა „ხმა“
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს.
გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.