პროტესტის ნიშნად თანამდებობა შსს-ს კიდევ ორმა თანამშრომელმა დატოვა

პუბლიკა

პოლიციის ყოფილი თანამშრომლის, ლექსო რაფავას დაკავების შემდეგ თანამდებობა დღეს შსს-ს კიდევ ორმა თანამშრომელმა – გიორგი ბერიშვილმა და ჯიმი გაგუამ დატოვა.

ამის შესახებ მათ ჟურნალისტებს განუცხადეს.

„ჩემი სამსახურიდან წამოსვლის მიზეზი არის სამეგრელო-ზემო სვანეთში მომხდარი დაკავება, სადაც ჩემი მეგობარი, ლექსო რაფავა დააკავეს, რომელიც არის სპეციალური წოდებით პოლიციის მაიორი, წლების განმავლობაში ემსახურებოდა სამშობლოს, იცავდა ქვეყანას კრიმინალებისგან. ჩემთვის სრულიად მიუღებელია და პროტესტის ნიშნად მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო შსს-ს რიგები, ეს ჯაჭვი აუცილებლად გაგრძელდება, ჩემი ინფორმაციით, ბევრი ადამიანი დატოვებს შსს-ს ორგანოებს“,- აცხადებს „მთავარი არხის“ ეთერში ჯიმი გაგუა.

ასევე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის პატრულ -ინსპექტორმა, პოლიციის მაიორმა გიორგი ბერიშვილმა.

„სოლიდარობას ვუცხადებ ჩემს მეგობარ ლექსორ რაფავას, რის გამოც ვტოვებ სამეგრელო- ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას, ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია დევნა ყოფილი პოლიციელების მიმართ“,- განუცხადა ჟურნალისტებს ბერიშვილმა.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროტესტის ნიშნად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაიორმა რომან ანთიამაც დატოვა. ის იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს ინსპექტორის პოზიციას იკავებდა.

„პროტესტს ვაცხადებ ლექსო რაფავას უკანონო დაკავებაზე. პროტესტის ნიშნით მე დავტოვე ჩემი სამსახური. მე ვემსახურები ჩემს საქართველოს და არა რომელიმე პარტიას”, – ამბობს „ფორმულას“ ცნობით ანთია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იქამდე, 21 ოქტომბრიდან დღემდე,  პროტესტის ნიშნად უწყება დატოვა კიდევ ორმა პოლიციელმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, სადგურ ანაკლიის უფროსმა, რევაზ ლაზიშვილმა და პატრულ-ინსპექტორმა, ომარ არქანიამ.

ინფორმაციის დასაზუსტებლად „პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

სამეგრელოს-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს თანამშრომელმა რევაზ ლაზიშვილმა თანამდებობა 21 ოქტომბერს დატოვა. ის განმარტავს, რომ გადაწყვეტილება პროტესტის ნიშნად მიიღო და ის სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციას უკავშირდება.

21 ოქტომბერს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ წუხელ, გვიან ღამით, ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ ზუგდიდში სპეოპერაცია ჩატარდა. დააკავეს ხობის ყოფილი პოლიციის უფროსი ალექსანდრე რაფავა, ყოფილი მაიორის, რუსლან შომახიას სახლი კი გაჩხრიკეს.