„პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ ვითომდა ნაძვის ხის ანთება“ - პრეზიდენტი

პუბლიკა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროვოკაციად აფასებს, კახა კალაძის  გადაწყვეტილებას, ხვალ, 19 საათზე ნაძვის ხის ანთების თაობაზე.

„დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარა პროვოკაციაა, რამეთუ ორი კვირაა უკვე, იმ ადგილას, იმ დროს უწყვეტად არის გამოხატული პროტესტი და რადგანაც ხვალ პარლამენტში იმართება პაროდია, იმ დღეს უთუოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. იმ ადგილას მოწყობა ამ ღონისძიების, სწორედ ხვალ, სწორედ 19:00 საათზე, სწორედ პარლამენტის წინ – ყველას კარგად გვესმის, ეს რას ნიშნავს, რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება. იმ ადგილას, სხვათა შორის, სადაც თავად ექიმები ამბობენ, რომ გაზით არის გაჟღენთილი ხეებიც და ალბათ, სასურველი არ არის იქ ბავშვების მოყვანა.

მე მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ მისი პროვოკაცია ალბათ არაფერს გამოიწვევს, იმიტომ, რომ ეს პროტესტი, რომელიც გაშლილი არის ქალაქში და ხვალაც იქნება და ზეგაც, არის ძალიან მშვიდობიანი და თავად მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას, მაგრამ, მე მინდა მაინც ვუთხრა ქალაქის მერს, რომ თუ ეს პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ, მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივია, გადაიტანოს და მე ვთავაზობ ორბელიანის წინ, სადაც დააყენა თვითონ რაღაც ბარაკები და ბავშვებისთვის ვითომ სათამაშოები, აქ მოიყვანოს ბავშვები და ორბელიანების სასახლის წინ მოაწყოს ის ღონისძიება, რომელსაც აპირებდა პარლამენტის წინ. მაგრამ, რაც არ უნდა მოხდეს, თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, მეორე პროვოკაცია  – ხვალ პარლამენტში დაგეგმილი პრეზიდენტის არჩევაა.

„პროვოკაცია თუ პაროდია, არ ვიცი როგორ დავარქვა, ალბათ უფრო პაროდია, რადგან ეს იქნება ის ღონისძიება რომელიც მთლიანად მოკლებულია ლეგიტიმაციას, არაკონსტიტუციური არის, ეს მოჰყვება მთელ რიგ არაკონსტიტუციურ ქმედებებს, და ამიტომ ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება, არც დიდხანს გაჩერება, ყველაფერი არის პაროდია. თუნდაც დღეს რაც ხდება, რომ ოცნებიდან „გადის“ „ხალხის ძალა“, მერე დაბრუნდება, მერე იქედან ნიშნავენ პრეზიდენტს…   ამას უკვე არაფერი კავშირი აღარ აქვს პოლიტიკურ პროცესთან…“,- აცხადებს პრეზიდენტი.