PSP: არ ვეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს დაუსაბუთებელ დასკვნას და გავასაჩივრებთ

პუბლიკა

კომპანია PSP კონკურენციის სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და „დაუსაბუთებელს“ უწოდებს. მათი თქმით, გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ  „დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და PSP მიმართავს სასამართლოს კანონით განსაზღვრულ დროში”.

„კომპანია PSP არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს დასკვნას!

PSP არ ეთანხმება კონკურენციის სააგენტოს მიერ მტკიცებულებების გარეშე მიღებულ დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებას და გამოიყენებს შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს გადაწყვეტილების გასასაჩივრებლად.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია PSP-მ სრულად წარადგინა მტკიცებულებები, რომელიც გამორიცხავდა ნებისმიერი სახის შეთანხმებულ ქმედებას, კონკურენციის სააგენტომ არ შეაფასა და მხედველობაში არ მიიღო წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად,  დასაბუთების გარეშე, რეკორდულად მცირე დროში გამოიტანა მიკერძოებული და უსაფუძვლო გადაწყვეტილება.

კონკურენციის სააგენტოს დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე ევროკომისიისა და ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას და PSP მიმართავს სასამართლოს კანონით განსაზღვრულ დროში“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ კონკურენციის საწინააღმდეგო ქმედების გამო, 4 სააფთიაქო ქსელი – ავერსი, PSP, გეფა და მერმისი დააჯარიმა. კომპანიებს ჯამში 53 მილიონ ლარამდე ჯარიმა დაეკისრათ.

სააგენტოს ცნობით, დადგინდა, რომ 2021-2023 წლებში (აგვისტოს ჩათვლით), 4 კომპანიის მიერ (ავერსი, გეფა, პსპ, მერმისი) ადგილი ჰქონდა ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში შეთანხმებულ ფასებს, ფასების ფიქსაციას.