ვინ არის ოლიგარქი - რა კრიტერიუმებია „ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტში

პუბლიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დეოლიგარქიზაციის ალტერნატიული კანონპროექტი მოამზადა, რომელსაც ბიუროს წარუდგენს.

ლევან ბეჟაშვილის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ოლიგარქი არის პირი, რომელიც აკმაყოფილებს სულ მცირე 3 პირობას, ზეგავლენა აქვს საჯარო უფლებამოსილების ორგანოებზე ან მათ თანამდებობის პირებზე:

  • ა) პირდაპირ ან ირიბად ახორციელებს პოლიტიკურ საქმიანობას;

  • ბ) მისი ოჯახის წევრები ან დაკავშირებული პირები, მის მფლობელობაში არსებულ იურიდიულ სუბიექტებში დასაქმებული პირები იკავებენ სახელმწიფო-პოლიტიკურ, პოლიტიკურ ანდა სახელმწიფო თანამდებობებს;

  • გ) პირდაპირ ან ირიბად (მათ შორის მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციის მეშვებით) ახორციელებს მნიშვნელოვან ზეგავლენას მედია მომსახურების საშუალებებზე;

  • დ) წარმოადგენს საბოლოო ბენეფიციარ მესაკუთრეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არის ბუნებრივი მონოპოლიების სუბიექტი ან უკავია დომინანტური (მონოპოლიური) მდგომარეობა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად;

  • ე) პირის ანდა სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მფლობელი პირის დადასტურებული აქტივები აღემატება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,35%, ანდა მას, მისი ოჯახის წევრებს და დაკავშირებულ პირებს საკუთრებაში აქვთ საქართველოს მიწის რესურსის 7 % ზე მეტი.

  • ვ) სანქცირებულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროპის კავშირის წევრი სახელმწიფოს, ამ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ.

პროექტში განმარტებულია, რომ ოლიგარქიული მმართველობა სახელმწიფო მმართველობის სისტემაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ერთპარტიულობა, სახელმწიფო-პოლიტიკურ თუ სახელმწიფო თანამდებობებზე დანიშვნაზე გავლენები, პოლიტიკური სუბიექტების მიერ ერთპარტიული გადაწყვეტილებების მიღება, ხელისუფლების მიტაცების მცდელობა.

კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკურ საქმიანობად მიიჩნევა პოლიტიკური გაერთიანების დამფუძნებლობა და ასევე, თუ პირი პირადად ან/და დაკავშირებული პირების მეშვეობით აფინანსებს პარტიის საქმიანობას, ამ გზით მონაწილეობს საარჩევნო კამპანიებში და თუ აქვს საჯაროდ გაცხადებული პოლიტიკური მიზანი, მონაწილეობს საჯარო გამოსვლებსა და მიმართვებში.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ პირის ოლიგარქად ცნობის გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო პარლამენტის წევრთა არანაკლებ 1/5-ის  სარჩელის საფუძველზე; 

ოლიგარქთა და დაკავშირებულ პირთა რეესტრს აწესრიგებს იუსტიციის მინისტრი.

კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკურ საქმიანობასთან ერთად, პირის ოლიგარქად და ოლიგარქთან დაკავშირებულ პირად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის შემდეგ, ოლიგარქს, მის წარმომადგენლებს, ოჯახის წევრებსა და დაკავშირებულ პირებს ეკრძალებათ, მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო ტენდერებსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ობიექტების პრივატიზაციაში. ასევე ის ვალდებულია, გადაიხადოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო და ქონების გადასახადები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიუხედავად ამ შემოსავლის მიღების წარმომავლობის და ტერიტორიისა.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს „ქართული ოცნება“, რომლის დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის განხილვა პარლამენტში სულ მალე დასრულდება.

კანონპროექტის მხარდაჭერაში ერთიანი არ არის არც ოპოზიცია.

„გირჩმა“ განაცხადა, რომ პარტია არცერთ კანონპროექტს არ დაუჭერს.

ალექსანდრე რაქვიაშვილმა მედიას განუცხადა, რომ არცერთი კანონპროექტის კრიტერიუმები არ შეესაბამება რეალურ პრობლემას, რომელზე მსჯელობა პარლამენტს არ დაუწყია.

გახარიას პარტია არ აპირებს, მხარი დაუჭიროს ისეთ კანონპროექტს, რომელიც არ არის სისტემური და ერთი პირის ოლიგარქად ცნობაზეა მორგებული.

ანა ბუჩუკურის თქმით, „ოცნების“ პროექტი ეხება ყველას, გარდა ივანიშვილისა, ხოლო ენმ-ის – ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ „აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უზურპირების“ ფონზე კანონის აღსრულების პრობლემას ხედავს.