საგამოძიებო სამსახურმა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში „პუბლიკას“ განუცხადეს, რომ უკვე გამოიკითხა „აპრილის“ ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური და ასევე დაიბარებენ „ტაბულას“ ჟურნალისტსაც.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, ჟურნალისტებს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იბარებენ, რომელიც ეხება სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას. უწყება ამ ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აწარმოებს.
„პუბლიკის“ შეკითხვაზე, მისცემს თუ არა უწყება გამოძიებას ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის კვალიფიკაციას, განგვიცხადეს, რომ პროცესი მიმდინარეობს და კვალიფიკაცია დაზუსტდება.
ალექსანდრე ქეშელაშვილი რუსული კანონის საწინააღმდეგოდ 16 აპრილს გამართულ აქციაზე სპეცრაზმელებმა სცემეს. ის ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ეკეთა პრესის საიდენტიფიკაციო ბეიჯი და იღებდა, როგორ აკავებდნენ მოქალაქეებს. სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს. ამავე აქციაზე სცემეს „აპრილის“ და „ტაბულას“ ჟურნალისტებიც. გიორგი ბასხაჯაურს სახეზე დაზიანებები აქვს მიღებული.
ჟურნალისტური საქმიანობის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტზეა დაწყებული გამოძიება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტების საქმეებზე.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით წარიმართება, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
როგორც ტელეკომპანია იუწყება, აქციის მონაწილეები მათ ჟურნალისტებს საქმიანობაში ხმაურით და შეძახილებით უშლიდნენ ხელს, აყენებდნენ შეურაცხყოფას და ესროდნენ საგნებს.