„პუბლიკის" ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში ბრალდებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა

პუბლიკა

„პუბლიკის” ჟურნალისტის, მინდია გაბაძის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლაში ბრალდებულს 5 000-ლარიანი გირაო (პატიმრობის უზრუნველყოფით) შეეფარდა.

„პუბლიკის” ჟურნალისტთან დაკავშირებით ინციდენტი 31 ოქტომბერს მოხდა. ჟურნალისტი გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა მას ფეხი დაარტყა. ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და ვეღარ შეძლო ვიდეოგადაღების გაგრძელება. ძირს დაგდებულ ტელეფონს ინციდენტში მონაწილე სხვა პირმაც დაარტყა ფეხი.

„კარგად გადამიღეთ, ოთო ვარ. არც სახეს ვმალავ, არც არაფერს”, – ამბობდა პირი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს.

საქმეზე გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (სსკ-ის 154-ე მუხლი) და ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლებით მიმდინარეობს.

„პუბლიკის” ინტერესებს ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს” იურისტი გიორგი მახარაძე იცავს.