„პუბლიკის" ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის საქმეზე 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

„პუბლიკის” ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეზე 1 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან გვაცნობეს.

„პუბლიკის” ჟურნალისტთან დაკავშირებით ინციდენტი 4 დღის წინ, 31 ოქტომბერს მოხდა. ჟურნალისტი გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა მას ფეხი დაარტყა. ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი და ვეღარ შეძლო ვიდეოგადაღების გაგრძელება. ძირს დაგდებულ ტელეფონს ინციდენტში მონაწილე სხვა პირმაც დაარტყა ფეხი.

„კარგად გადამიღეთ, ოთო ვარ. არც სახეს ვმალავ, არც არაფერს”, – ამბობდა პირი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით [ნივთის დაზიანება ან განადგურება] და 154-ე მუხლის პირველი ნაწილი დაიყო, რაც ითვალისწინებს:

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ესე იგი მისი იძულება, გაავრცელოს ინფორმაცია ან თავი შეიკავოს მისი გავრცელებისაგან, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოციდან ას ორმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.