„პუბლიკის” ჟურნალისტს პარლამენტში შესვლამდე თეთრი, სუფთა ფურცელი ჩამოართვეს. ჟურნალისტმა დაცვას განუმარტა, რომ ფურცელი ჩანაწერების გასაკეთებლად სჭირდებოდა, თუმცა ამის მიუხედავად, მას ფურცლის შეტანის საშუალება არ მისცეს.
პარლამენტში დღეს ბიუროს სხდომა უნდა გაიმართოს – სხდომაზე რუსულ კანონს ბიურომ მსვლელობა უნდა მისცეს. პარლამენტის გარეთ იმართება აქციაც. ადგილზე შეკრებილი არიან მედიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც პარლამენტში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
„ქართული ოცნება“, რუსული ხელისუფლების მსგავსად, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიაგამოცემების წინააღმდეგ კანონის მიღებას აპირებს.
მისი მიზანია, ამ ორგანიზაციების დისკრედიტაციის გზით ჩაახშოს საზოგადოებაში სიტყვის თავისუფლება და კონტროლი დაამყაროს საზოგადოებრივ აზრზე.
რუსული კანონი ითვალისწინებს ტერმინ „უცხოური ძალისა“ და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ დამკვიდრებას. ეს ტერმინი და საგანგებოდ შექმნილი რეესტრი გააერთიანებს ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ქვეყანაში ევროპული ღირებულებების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის განვითარებისთვის მუშაობს.
პროექტი ითვალისწინებს მონიტორინგის, ე.წ. დასმენისა და სანქციების კომპონენტსაც.