„პუბლიკის" ინფორმაციით, ბადრი ესებუა დააკავეს

პუბლიკა

„პუბლიკის” ინფორმაციით, ბადრი ესებუა დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებენ. შესაბამისად, არც დეტალებზე საუბრობენ.

თუმცა როგორც ჩვენი წყარო გვეტყობინებს, იგი ზუგდიდში დააკავეს და თბილისში გადმოჰყავთ.

ჩვენი ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გაკეთდება.


2020 წლის 21 ოქტომბერს,  დღის სამ საათზე, ზუგდიდის ცენტრში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძარცველი შეიჭრა, მძევლები აიყვანა და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ნახევარი მილიონი მოითხოვა. თავდამსხმელმა რამდენიმე მძევალი გაათავისუფლა, ბოლოს კი შენობა ხელყუმბარით ხელში, ორ მძევალთან, სამხარეო პოლიციის უფროსსა და თანხასთან ერთად დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ გაავრცელა განცხადება, რომ ყველა მძევალი თავისუფალია და მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და ის ყოფილი სამხედრო ბადრი ესებუაა. ის ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს.