„პუბლიკის“ ორი ჟურნალისტისთვის, ქეთო მიქაძისა და ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის გამო ბრალდებულებს, ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს 3000-3000 ლარის გირაო შეეფარდათ.
გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა მიიღო. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროცესს ესწრებოდა ორივე ბრალდებული. მათ ადვოკატები არ ჰყავდათ.
26 წლის საბა მინდიაშვილსა და 39 წლის ლევან ზარდიაშვილს ბრალად ედებათ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა.
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობის დასაბუთებისას პროკურორმა ლაშა გამყრელიძემ განაცხადა, რომ „მომატებულია საფრთხე მორიგი ახალი დანაშაულის ჩადენისა, ვინაიდან ბრალდებულებმა იცოდნენ, რომ [„პუბლიკის“ ჟურნალისტები] ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას ერთ-ერთი საპროტესტო აქციის დროს, რა დროსაც ხელი შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, რის გამოც ჟურნალისტებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელებისა“.
პროკურორმა ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ზარდიაშვილის ნასამართლეობაზე:
„იგი ნასამართლევია სხვა განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, მოცემული დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, რაც გვაფიქრებინებს, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ჩაიდინა განზრახი ხასიათის დანაშაული და ამ პირობებში კიდევ უფრო მომეტებულია ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე“, – თქვა პროკურორმა.
გამყრელიძემ ისაუბრა სხვა ფორმალურ საფუძვლებზეც – მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეებზეც.
პროკურატურის პოზიციის საპასუხოდ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას დაეთანხმნენ, თუმცა მოსამართლეს თანხის შემცირება და გადახდის ვადის გაზრდა სთხოვეს [პროკურატურა 20 დღეს მოითხოვდა].
ქეთო მიქაძის ეპიზოდზე ბრალდებულმა ლევან ზარდიაშვილმა განაცხადა, რომ არის დროებით უმუშევარი, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი და „არ აქვს საშუალება, რომ გადაიხადოს 3000 ლარი“. მან სასამართლოს შეღავათის გაწევა სთხოვა.
ალექსანდრე ქეშელაშვილის ეპიზოდზე ბრალდებულმა საბა მინდიაშვილმა კი მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ გამგეობაში მუშაობს.
„წეღან ვუთხარი [პროკურორს], რომ ქორწილი მაქვს-მეთქი და თუ დამეთანხმება, რომ დამიკლოს გირაოს თანხა, გამიხარდება… გამგეობის თანამშრომელი ვარ“, – თქვა საბა მინდიაშვილმა.
პროკურორი გირაოს თანხის შემცირებას არ დაეთანხმა. საბოლოოდ მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა ბრალდებულებს გირაოს სახით 3000-3000 ლარი შეუფარდა და გადასახდელად 40 დღე განუსაზღვრა.
წინასასამართლო სხდომის თარიღად 16 აპრილი, 16:00 განისაზღვრა.
ინციდენტი 8 სექტემბერს მოხდა. „პუბლიკის“ ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა ლევან ზარდიაშვილმა. იმავე დღეს მოხდა ალექსანდრე ქეშელაშვილთან დაკავშირებული ეპიზოდი.
იმ დროისთვის უცნობმა პირმა „პუბლიკის“ ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.
ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.