პურის გაძვირების წინაპირობა ბაზარზე დღეს არ არსებობს - დავითაშვილი

პუბლიკა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პურის გაძვირების წინაპირობები არ არსებობს და მისი ფასი არ გაიზრდება.

„ჩვენ ერთი ტომარა ფქვილის ფასი დავაფიქსირეთ, რომ არ აღემატებოდეს 51 ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ პურის ფასი არ გაძვირდეს. მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს – ეს გახლავთ ენერგომატარებლები. ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან პურის საცხობებს, მიიღეს გადაწყვეტილება (მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს კომუნიკაციისთვის) და მათ 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, ამ მექანიზმების მეშვეობით, მთავრობა პურის ფასის კონტროლს შეძლებს. დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა „პურის მწარმოებელთა კავშირს“ და მწარმოებლებს, რომლებმაც ფასი არ შეცვალეს.