პურზე ფასი არ გაიზრდება - ლევან დავითაშვილი

პუბლიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრი ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში, მოსახლეობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ძირითადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ გაიზარდოს.

„ხორბლის მარაგები მუდმივად კონტროლდება. საგანგებო პირობებში, აღნიშნულ მიმართულებაზე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება. ხაზგასმით ვამბობ, რომ პურზე ფასები არ გაიზრდება, მიწოდებაში არ იქნება შეფერხება და შეზღუდვა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა შეხვედრაზე ძირითადი მოხმარების 9 სასურსათო პროდუქტზე (ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო) ფასების დაზღვევის მიზნით სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პროექტი წარადგინა.

მინისტრის თქმით, სამინისტროში შემუშავებულია „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, რომელსაც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო, შემოსავლების სამსახურთან ერთად განახორციელებს. პროექტის თანახმად, იმპორტიორი კომპანიებისთვის, რომლებიც 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით 9 ძირითად სასურსათო პროდუქტს შეისყიდიან, გარკვეული პირობებით, სავალუტო კურსის სხვაობის სუბსიდირებას სახელმწიფო მოახდენს.