პუტინი არ ხუმრობდა, როცა საუბრობდა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე - ბაიდენი

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ ხუმრობდა, როდესაც ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრობდა.

„პუტინი არ ხუმრობდა, როცა საუბრობდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ან ბიოლოგიური, ან ქიმიურ იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი არმია, იმაზე ცუდად ასრულებს დავალებას, ვიდრე მოსალოდნელი იყო“, – თქვა ბაიდენმა.

ბაიდენის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მუქარა და რისკი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ, 1962 წლის „კუბის სარაკეტო კრიზისის“ შემდეგ ყველაზე მაღალია.

მისი თქმით, აშშ „ცდილობდა გაერკვია“, რა იქნებოდა პუტინის ომიდან გამოსვლის გზა.

გასულ კვირას აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ, მიუხედავად მოსკოვის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენებაზე მინიშნებებისა, აშშ-ს არ აქვს რაიმე ნიშანი იმისა, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენება გარდაუვალია.


1962 წლის ოქტომბერში აშშ და საბჭოთა კავშირი ბირთვული ესკალაციის ზღვარზე იყვნენ.