ევროპული კომისიის პრესსპიკერმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში, პიტერ სტანომ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის ბოლოდროინდელი ნაბიჯები აჩვენებს მის სასოწარკვეთას; ის აწყობს „დაუდევარ“ ბირთვულ თამაშს დაძაბულობის შემდგომი ესკალაციის მიზნით.
„ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ პუტინს არ აინტერესებს მშვიდობა, რომ ის დაინტერესებულია ამ აგრესიული ომის ესკალაციით“, – პიტერ სტანომ.
სტანოს თქმით, გლობალური სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი გამოწვეული იყო რუსეთის ომით და რომ პუტინის „ძალიან სახიფათო ბირთვულ თამაშს“ შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი შედეგები მოჰყვეს მსოფლიოსთვის.
მისივე თქმით, „შედეგები იქნება ჩვენი მხრიდანაც“, მაგრამ არ დაუსახელებია, რუსეთის წინააღმდეგ რა სახის ახალი სანქციები იგეგმება.
დღეს დილით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამხედრო მობილიზება პირველად გამოცხადდა. ასევე პუტინმა მხარი დაუჭირა უკრაინის რეგიონების ანექსიას, დასავლეთი კი გააფრთხილა, რომ არ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ მზად არის რუსეთის დასაცავად ბურთვული იარაღი გამოიყენოს.
პუტინის ბრძანებულებით, სამხედრო სამსახურს მხოლოდ ის მოქალაქეები დაექვემდებარებიან, რომლებიც რეზერვში არიან და, პირველ რიგში, შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება.
მისი თქმით, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის, მისი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და რუსი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.
რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი აცხადებს, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში სულ გაწვეული იქნება 300 000 რეზერვისტი.
„რუსეთს აქვს უზარმაზარი სამობილიზაციო რესურსი – თითქმის 25 მილიონი ადამიანი. ნაწილობრივ მობილიზაციას ექვემდებარება სამობილიზაციო რესურსის 1%-ზე ცოტა მეტი. გამოძახებული იქნება 300 000 რეზერვისტი. დღეს ჩვენ ვეომებით არა იმდენად უკრაინის არმიას, რამდენადაც კოლექტიურ დასავლეთს“– განაცხადა სერგეი შოიგუმ.
პუტინის დღევანდელი მიმართვა ასევე დაგმო აშშ-ის ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა, ე.წ. რეფერენდუმს ყალბი უწოდა, მობილიზებას კი „სისუსტის ნიშანი“. მან ასევე პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები დარჩება მტკიცე მოკავშირე რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა დაგმო კრემლის ეს ნაბიჯი, როგორც „ცუდი და არასწორი განვითარება“, ხოლო ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა თქვა, რომ პუტინის გამოსვლა იყო „აღიარება იმისა, რომ მისი შემოჭრა წარუმატებელია“.