პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა სუსტი იყო და დასავლეთი დაყოფილი, ის მწარედ შეცდა - ბაიდენი

პუბლიკა

დღეს მოულოდნელი ვიზიტით აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კიევს ეწვია. ბაიდენი კიევში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ჩავიდა, ზელენსკის შეხვდა და კიდევ ერთხელ დაუდასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ჩასვლის შემდეგ რუსული ავიაცია ბელარუსში გააქტიურდა, რის გამოც კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამის მიუხედავად, ბაიდენისა და ზელენსკის შეხვედრა გეგმისამებრ გაგრძელდა.

„ვიცოდი, რომ აქ დავბრუნდებოდი“, – თქვა ბაიდენმა და კიევში ვიზიტები გაიხსენა, ვიცე-პრეზიდენტის რანგში.

ამასთან, ბაიდენის განცხადებით, დასავლეთის მხარდაჭერა მტკიცეა და რამდენიმე დღეში უკრაინა დამატეიბთ $500-მილიონიან სამხედრო დახმარებას მიიღებს.

„პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინა სუსტი იყო და დასავლეთი – დაყოფილი… მიაჩნდა, რომ ჩვენ ერთმანეთს მხარში არ დავუდგებოდით. გათვლას იმაზე აკეთებდა, რომ NATO-ს არ ჰქონდა გაერთიანების უნარი, რომ ვერ შევძლებდით სხვების გადმოყვანას უკრაინის მხარეს.

ის ფიქრობდა, რომ ჩვენზე მეტ ხანს გაძლებდა. არ ვფიქრობ, რომ კვლავინდებურად ასე მიაჩნია. ის მწარედ შეცდა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა უკრაინელების გმირული ბრძოლა და მათ მიმართ პატივისცემა გამოხატა.

„აღფრთოვანებული ვარ უკრაინელი ხალხით, რიგითი, შრომისმოყვარე მოქალაქეებით, რომლებსაც არ ჰქონიათ სამხედრო გამოცდილება, მაგრამ უკვე გმირობას სცდება ის, თუ როგორ იბრძვიან ახლა; ასე ფიქრობს მთელი მსოფლიო“, – თქვა ბაიდენმა.

თავის მხრივ, ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა ვიზიტისთვის და თქვა, რომ დემოკრატიულმა სამყარომ ეს ისტორიული ბრძოლა უნდა მოიგოს.

„ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტი აშშ-სა და უკრაინის ურთიერთობათა ისტორიაში. დღევანდელი შეხვედრა კი ძალიან ნაყოფიერი იყო. ვიცი, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინისთვის, რომელიც რუსეთისთვის მკაფიო სიგნალი იქნება, რომ მის აგრესიას წარმატების შანსი არ აქვს“, – განაცხადა ზელენსკიმ.