პუტინი გამოთქვამს მზადყოფნას, აშშ-სთან იშვიათი მეტალების მოპოვებაში ითანამშრომლოს

პუბლიკა

გუშინ დონალდ ტრამპისა და ემანუელ მაკრონის პრესკონფერენციის პარალელურად რუსულ ტელევიზიაზე ვლადიმერ პუტინის ინტერვიუ გადაიცემოდა – პუტინმა ინტერვიუში აშშ-სთან ეკონომიკური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, რომლის ფარგლებშიც ის აშშ-ის ალუმინის მიწოდებას, ასევე, რუსეთის იშვიათი მეტალების საბადოების ერთობლივ გამოკვლევას სთავაზობს.

ამის შესახებ პუტინმა მას შემდეგ განაცხადა, რაც ორშაბათს ტრამპმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ ომის დასასრულებლად ის რუსეთთან „სერიოზულ მოლაპარაკებებს” აწარმოებს და ცდილობს,იაღწიოს „ეკონომიკური განვითარების გარკვეულ შეთანხმებებს“. მანამდე ტრამპმა, ასევე, ისაუბრა უკრაინის იშვიათი წიაღისეულების მიმართ აშშ-ის ინტერესზე და აღნიშნა, რომ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ მას უკრაინის წიაღისეულების ნახევარზე წვდომა სურს.

როგორც ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე ჩაწერილ ინტერვიუში თქვა, მოსკოვი მზადაა, ითანამშრომლოს ამერიკულ კომპანიებთან იშვიათი მეტალების მოსაპოვებლად როგორც რუსეთში, ასევე, რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ნაწილებში

„მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უკრაინაზე ბევრად მეტი რესურსი გვაქვს. იშვიათი მეტალების მარაგის მხრივ, რუსეთი ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა. რაც შეეხება ახალ ტერიტორიებს, ჩვენ ასევე მზად ვართ, უცხოური პარტნიორები მოვიზიდოთ – იქაც არის გარკვეული რეზერვები”, – აღნიშნა მან უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე საუბრის დროს.

გასულ თვეში რუსეთის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ უკრაინის დონეცკის რეგიონის სოფელ შევჩენკოში ლითიუმის საბადოზე კონტროლი დაამყარეს.

მისი თქმით, მზად არის, აშშ-ის მიყიდოს 2 ტრილიონი ტონა ალუმინი, თუ აშშ მოხსნის სანქციებს, რომელიც რუსული მეტალების იმპორტს ზღუდავს. კერძოდ, მან თქვა, რომ მოსკოვს შეუძლია მოიწვიოს ამერიკული კომპანიები, რათა ციმბირის კრასნოიარსკის რეგიონში განავითარონ ალუმინის მარაგები – მისი შეფასებით, ეს ინიციატივა, დაახლოებით, 15 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებისაა.

მან, ასევე, ისაუბრა დონალდ ტრამპზე და თქვა, რომ რუსეთ-უკრაინასთან მისი მიდგომა დაფუძნებულია არა „ემოციებსა ან ზედაპირულ გამოთვლებზე, არამედ არსებული სიტუაციის რაციონალურ აღქმაზე”.