პუტინი იმედოვნებდა, რომ ამ ომით NATO-ს დაყოფდა, მაგრამ პირიქით მოხდა - ბლინკენი

პუბლიკა

აშს-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინა აგრძელებს თავდადებულ ბრძოლას რუსული აგრესიის წინააღმდეგ და შესაბამისად ძლიერდება აშშ-ის მხარდაჭერაც. ბაიდენის გადაწყვეტილებით, თანამედროვე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გადაცემაც ძლიერი ამერიკული მხარდაჭერის სიგნალია.

ბლინკენის თქმით, მათი მიზანია, უკრაინელებმა შეძლონ რუსეთის მოგერიება და მოლაპარაკების მაგიდას რაც შეიძლება ძლიერი პოზიციით მიუსხდნენ.

ამასთან, ბლინკენის თქმით, უკრაინის მიმართ აშშ-სა და მისი პარტნიორების მხარდაჭერასთან ერთად იზრდება NATO-ს სიმტკიცე და ერთიანობაც. რისი დარღვევაც უკრაინის სუვერენიტეტის შელახვასთან ერთად პუტინის კიდევ ერთი მიზანი იყო, რაც მისთვის წარუმატებლად დასრულდა.

„პრეზიდენტი პუტინი იმედოვნებდა, რომ უკრაინაში მის მიერ წამოწყებული ომი NATO-ს დაყოფდა, მაგრამ პირიქით, მან გააერთიანა ალიანსი უკრაინისა და თავისივე წევრების მხარდაჭერაში.

მან გააერთიანა ქვეყნები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან, რომ დაიცვან სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპები. ისინი ხედავენ, რომ, რაც უკრაინაში ხდება, ესაა პირდაპირი თავდასხმა ასევე მათ მშვიდობასა და უსაფრთხოებაზეც.

აი, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ დემოკრატიული, დამოუკიდებელი, სუვერენული უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს სასტიკი ომი არ დასრულდება და კიდევ ძალიან დიდ ხანს მისი დასრულების შემდეგაც“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მოსკოვი მოითხოვდა NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის შესუსტებას, ომის დაწყების შემდეგ კი აშშ-მა ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე დამატებით 20 000 ჯარისკაცი გადაისროლა. აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება დაიწყეს NATO-ს სხვა წევრებმაც.

ალიანსის რიგებში გაწევრების მსურველთა რიცხვს კი მათი ძველი მოკავშირეებიც შეუერთდნენ. ფინეთსა და შვედეთში კი არა მთავრობებმა, არამედ პირველ რიგში, ხალხმა მოითხოვა NATO-ში გაწევრება, რაც ბაიდენის შეფასებით, დემოკრატიის გამარჯვებაა.

„ყველამ, ვისაც სურს დაინახოს განსხვავება დემოკრატიასა და ისეთ ავტორიტარიზმს შორის, როგორიც რუსეთშია, უნდა შეხედოს რუსეთს, ფინეთსა და შვედეთს. პირველ მათგანში ხალხს ატყუებენ, რომ ომი წამოიწყონ. ფინეთსა და შვედეთში კი უსმენენ თავიანთ ხალხს, რომ ომის პრევენცია შეძლონ“, – თქვა ბლინკენმა.