პუტინი კურილის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს 20-წლიან შეღავათებს უწესებს

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კურილის კუნძულებზე რეგისტრირებული ახალი ორგანიზაციებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებაზე კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია ავრცელებს.

კანონი ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათებს სამხრეთ კურილის, კურილის ან ჩრდილო კურილის ურბანული რაიონის ტერიტორიაზე 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ რეგისტრირებული ორგანიზაციებისთვის.

ასეთი ორგანიზაციები რეგისტრაციის დღიდან 20 წლის განმავლობაში გათავისუფლებულები იქნებიან საშემოსავლო და ქონების, მიწისა და ტრანსპორტის გადასახადებისგან. გარდა ამისა, ისინი ისარგებლებენ შეღავათიანი ტარიფებით სადაზღვევო შენატანებზე, რომელიც ჯამში შეადგენს 7,6 %-ს.

რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იაპონიის პარლამენტში პრემიერ ფუმიო კიშადის გამოსვლისას შესახებ, სადაც მან განაცხადა, რომ კურილის კუნძულები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირს გადაეცა, იაპონიას ეკუთვნის. Yomiuri Shimbun-ის ცნობით, ამის შესახებ მან 7 მარტს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.