საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაღუპვას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „პუტინმა ციხეში მოკლა ნავალნი”.
სააკაშვილის თქმით, შარშან „პუტინის დავალებით ივანიშვილის ხელისუფლებამ მოწამლა“
„პუტინმა ციხეში მოკლა ალექსეი ნავალნი. შარშან ნავალნიმ ციხიდან ჩემს მხარდასაჭერად წერილი გამოაგზავნა. პუტინი ნავალნის მე ხშირად მადარებდა და, რა თქმა უნდა, ერთიანად ვეზიზღებოდით.
შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ალექსეი ნავალნი დღეს ციხეში დაიღუპა. რუსეთის სასჯელაღსრულების უწყების განცხადებით, ნავალნი „გასეირნების შემდეგ ცუდად გახდა და ფაქტობრივად მაშინვე დაკარგა გონება”. ის 47 წლის იყო.
„განხორციელდა ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება, მაგრამ ამან დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო დახმარების ექიმებმა დაადასტურეს მსჯავრდებულის გარდაცვალება. გარდაცვალების მიზეზები დგინდება”. – აცხადებს უწყება.