„პუტინის დღევანდელი გადაწყვეტილება… მე მინდა პირდაპირ ხაზი გავუსვა, პუტინის გადაწყვეტილებები ეხება საქართველოს და ეს არის კატასტროფა, არის ჯილდო საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული იმ პოლიტიკის მიმართ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით 24 თებერვლის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ ატარებს ქვეყანაში. ეს არის ანტიუკრაინული, ანტიდასავლური პოლიტიკა“, – თქვა მან.
მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება გააძლიერებს ანტიდასავლურ, ანტიუკრაინულ პოლიტიკას, ეს იქნება და უკვე არის აღქმული ცივილიზაციის წინააღმდეგ წასვლად.
„ეს აღქმულია ასევე, როგორც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაკნინება, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების 85%-ს სურს ევროკავშირში ინტეგრაცია.
…ნებისმიერი ავიაკომპანია, რომელიც შეასრულებს პუტინის სურვილს, მის გზავნილს კიდევ უფრო გააძლიერებს და დაიწყებს ავიამიმოსვლას საქართველოში… თუ ამას დასთანხმდება საქართველოს ხელისუფლება, ყველამ უნდა იცოდეს, რომ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მოხვდნენ სანქციებში, რომლებიც დაწესდა და კიდევ უფრო ძლიერდება 24 თებერვლის შემდეგ“, – თქვა ხატია დეკანოიძემ.
დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულების მიხედვით, რუსეთი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლას აუქმებს. ასევე, ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში პირდაპირი ფრენის აკრძალვაც მოხსნა.