პუტინის კრიტიკოსი, ცნობილი რუსი ჟურნალისტი და მწერალი, ვიქტორ შენდეროვიჩი საქართველოში არ შემოუშვეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ის თბილისში თელ-ავივიდან, ისრაელის პასპორტით გაფრინდა, თუმცა თბილისის აეროპორტიდან უკან ახსნა-განმარტებების გარეშე გააბრუნეს.
რუსი მწერალი და პუბლიცისტი, ვიქტორ შენდეროვიჩი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ის წერს, რომ არ გარისკავს უწოდოს ივანიშვილის საქართველოს პუტინის პროვინცია, თუმცა ამ მიმართულებით სამუშაოები მიმდინარეობს.
„მე არ შემიშვეს საქართველოში. […] დღესასწაული ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანონიმურმა ჯგუფმა. დაიცვეს ჩემგან საქართველო, ყოჩაღ… ნუ მე პირველი არ ვარ. არ გავრისკავ, ვუწოდო ივანიშვილის პერიოდის საქართველოს პუტინის პროვინცია, მაგრამ სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს, ხომ მართალია? 2006 წელს მე, გაჩაღებული ანტირუსული კამპანიისა და დეპორტაციის დროს, ასობით მოსკოველთან ერთად გამოვდიოდი პუშკინის მოედანზე საპროტესტო მიტინგზე ლოზუნგით – მე ქართველი ვარ… როგორც თბილისიდან ჩემი დეპორტაციით ირკვევა, არასაკმარისი ქართველი ვარ. სასაცილოდ გამოვიდა”, – წერს ვიქტორ შენდეროვიჩი.
როგორც ცნობილია, 2 ივნისს თბილისში დაგეგმილი იყო შენდეროვიჩის პროგრამა „ერთი შენდეროვიჩის თეატრი”, ხოლო 4 ივნისს მას ბათუმში მონაწილეობა უნდა მიეღო კონცერტში სახელწოდებით „მესიჯები და დიალოგები”.
ვიქტორ შენდეროვიჩი რუსეთის ომის საწინააღმდეგო კომიტეტის წევრია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან კი ის ომის საწინააღმდეგო პოზიციას ინარჩუნებს და კრემლის ქმედებებს აკრიტიკებს.
2021 წელს რუსეთის ხელისუფლებამ ის „უცხოური აგენტების” სიაში შეიყვანა, რის შემდეგაც მან რუსეთი, როგორც თავად თქვა, „დაკავების საფრთხის გამო” დატოვა.