პუტინის პრესსპიკერი: დასავლეთისგან განსხვავებით, რუსეთი საქართველოს საქმეებში არ ერევა

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი, დმიტრი პესკოვი ამბობს, რომ „კრემლი საქართველოს საშინაო საქმეებში არ ერევა, დასავლეთისგან განსხვავებით, რომელიც სანქციების გატარებითაც კი იმუქრება”.

პესკოვმა ეს განცხადება რუსული კანონის შეფასების დროს გააკეთა.

„ჩვენ გვესმის საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების მუქარა, თუ ისინი თავიანთ ქვეყანაში მიიღებენ ამა თუ იმ კანონს”. – თქვა კრემლის წარმომადგენელმა და თქვა, რომ ეს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევაა. ხოლო რუსეთი „არ ერევა და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას”. – თქვა პუტინის პრესსპიკერმა.

დღეს, 14 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოში ჩამოვიდა. 13 მაისს სამთავრობო არხმა „იმედმა“ გაავრცელა განცხადება, რომ ო’ბრაიენს ბიძინა ივანიშვილთან სანქციების პაკეტი ჩამოაქვს. ინფორმაცია „იმედმა“ ვებგვერდიდან მალევე წაშალა.