პუტინის თანაშემწის განცხადებით, სტივ ვიტკოფს მოსკოვში ამ კვირაში ელიან

პუბლიკა

რუსეთის პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე, იური უშაკოვი ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფს ამ კვირაში ელიან მოსკოვში.

ეს მისი მეოთხე ვიზიტი იქნება რუსეთში ტრამპის თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ.

Wall Street Journal-მა დაწერა, რომ ვიტკოფი შესაძლოა მოსკოვში გაემგზავროს აშშ-ის, უკრაინასა და ევროპის ქვეყნებს შორის ხვალინდელი მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც გაიმართება ლონდონში.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ კითხვას, მოსალოდნელია თუ არა ვიტკოფის ვიზიტი მოსკოვში ამ კვირაში, უშაკოვმა უპასუხა: „ჩვენ ველოდებით“.

ვიტკოფის ბოლო ვიზიტი რუსეთში 11 აპრილს შედგა, როდესაც ის სანქტ-პეტერბურგში ვლადიმერ პუტინს შეხვდა. NBC News-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ეს კვირა თეთრი სახლის მიერ განიხილება, როგორც „კრიტიკული“ ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად.