პუტინის თქმით, უკრაინაზე იერიში უახლესი რუსული ბალისტიკური რაკეტით მიიტანეს

პუბლიკა

ხუთშაბათს, საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ტელევიზიით მიმართა მოქალაქეებს და თქვა, რომ რუსეთის არმიამ დნეპროპეტროვსკში სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს ახალი საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტით – „ორეშნიკით“ დაარტყა.

პუტინის თქმით, ეს არის პასუხი რუსეთში მდებარე სამიზნეებზე დასავლური მაღალი სიზუსტის იარაღით პირველ თავდასხმებზე.

ოთხშაბათს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა განაცხადეს დნეპერზე საკონტინენტთაშორისო  ბალისტიკური რაკეტით თავდასხმზე. მაგრამ მედია, დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით, ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეს იყო ექსპერიმენტული დარტყმა სხვა ტიპის რაკეტით.

თავის სატელევიზიო მიმართვაში პუტინმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა დასავლეთის ქვეყნები იმის გამო, რომ კიევს ნება დართეს, გამოიყენოს ამერიკული და ბრიტანული რაკეტები რუსეთის სიღრმეში სამხედრო ობიექტებზე დასარტყმელად.

რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ 19 ნოემბერს უკრაინამ რუსეთის ტერიტორიას ექვსი ამერიკული ATACMS-ის ტიპის რაკეტით შეუტია, შემდეგ კი გამოიყენეს ბრიტანული Storm Shadow და HIMARS. მისივე თქმით, ATACMS-ებმა შეუტიეს სამხედრო ობიექტებს ბრიანკის რეგიონში, Storm Shadow-მ კი კურსკის ოლქს დაარტყა.

პუტინმა „ორეშნიკის“ სარაკეტო თავდასხმას დნეპერზე უწოდა საბრძოლო პირობებში „ერთ-ერთი უახლესი სარაკეტო სისტემის“ ტესტირება.

მედიის ცნობით, სამიზნე „იუჟმაშის“ ქარხანა იყო. პუტინს ეს სახელი არ უხსენებია, მაგრამ თქვა, რომ დნეპროპეტროვსკში დაარტყეს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან მოყოლებულ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ ინდუსტრიულ კომპლექსს, რომელიც დღესაც აწარმოებს რაკეტებს და სხვა იარაღს.