ვლადიმერ პუტინი ადასტურებს ალექსეი ნავალნის გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსი ოპოზიციონერის ციხეში სიკვდილამდე მისი გაცვლა განიხილებოდა. ამის შესახებ პუტინმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ ისაუბრა და პირველად ახსენა ნავალნი.
„სხვათა შორის, ნავალნის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე, მითხრეს, რომ დასავლურ ქვეყნებში მყოფ პატიმრებზე მისი გაცვლის შესახებ იდეა არსებობდა. შეგიძლიათ, დამიჯეროთ, შეგიძლიათ, არ დამიჯეროთ – მაგრამ, სამწუხაროდ, რაც მოხდა, მოხდა. მე ერთი პირობით დავთანხმდი: გავცვლიდით, მაგრამ ის აღარ დაბრუნდებოდა”, – განაცხადა მან.
ალექსეი ნავალნის გუნდი აცხადებს, რომ სიკვდილამდე ალექსეი ნავალნის გაცვლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. როგორც მარია პევჩიხიმ თქვა, პატიმრების გაცვლის გეგმაზე წინადადება ვლადიმერ პუტინს რომან აბრამოვიჩმა წარუდგინა. პევჩიხის ცნობით, 15 თებერვალს მან მიიღო ინფორმაცია, რომ ნავალნისა და კრასიკოვის გაცვლის შესახებ მოლაპარაკებები „ბოლო სტადიაზე” იყო, თუმცა მეორე დღეს ნავალნი გარდაიცვალა.
ვადიმ კრასიკოვის გაცვლასთან დაკავშირებით პუტინს ინტერესი აქამდეც არაერთხელ გამოუხატავს – მიმდინარე თვის დასაწყისში Fox News-ის ყოფილ წამყვანთან ვრცელ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის პატიმრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი მისი გაცვლის შესახებ შეთანხმების მისაღწევად მზად არის და მიანიშნა, რომ ამისთვის მათ გერმანიაში დაკავებული რუსეთის მოქალაქის გათავისუფლება სურთ.
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ციმბირში მდებარე ციხეში გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი დაუდგენელია.