პუტინმა გამოსცა განკარგულება უკრაინის ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებაზე

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ოკუპირებული ოლქების, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების განკარგულებას.

„საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ვაღიარებ და ვადასტურებ რა ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპს, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ რეფერენდუმზე გამოხატული ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

იგივე შინაარსის განკარგულება გამოქვეყნებულია ზაპოროჟიეს ოლქის „დამოუკიდებლად“ აღიარების შესახებაც.

უკრაინის დონეცკის, ლუჰანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ, 23-27 სექტემბერს ე.წ. რეფერენდუმები ჩატარდა რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე. გავრცელებული ინფორმაციით „მოსახლეობის სრულმა უმრავლესობამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას დაუჭირა მხარი“.

პუტინს უკვე აღიარებული აქვს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა”.