პუტინმა საქართველოსთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხში წარმომადგენელი დანიშნა

პუბლიკა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან, დე ფაქტო აფხაზეთთან და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთთან რუსეთის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხში პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, მიხაილ პეტრაკოვი წარადგინა.

„დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრის დიპლომატი, მიხაილ პეტრაკოვი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად მეზობელ სახელმწიფოებთან-დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში. მას ასევე დაევალოს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პასუხისმგებლობა აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. უწყების განცხადებით, საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი დღის წესრიგში ვერ დადგება მანამ, სანამ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციას არ მოახდენს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული დაცვით და არ შეცვლის თავის უკანონო გადაწყვეტილებას ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

„მოსკოვის მიერ სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის, ე.წ. „საზღვრის“ საკითხებზე იქნება უკანონო და ვერ წარმოშობს რაიმე სამართლებრივ შედეგს. მსგავსი ნებისმიერი შეთანხმება საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ შეფასდება, როგორც ევროპაში სახელმწიფოთა სუვერენული საზღვრების ძალისმიერი გზით ცვლილების მორიგ უკანონო მცდელობად რუსეთის მიერ. შესაბამისად, მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, რომ პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან“, – განაცხადეს სამინისტროში.